ბუნდესლიგის პრევიუ
სხვაობა “ბაიერნსა” და მის მდევრებს შორის უკვე 19 ქულას შეადგენს და ძალების თანაფარდობას ზუსტად გამოსახავს, რაც ჩემპიონთა ლიგაში გერმანული კლუბების ასპარეზობიდანაც გამოჩნდა. საჩემპიონო საკითხი გერმანიაში ფაქტობრივად მოხსნილია.
ბორუსია – ნიურნბერგი
დორტმუნდის “ბორუსიამ” ჩემპიონთა ლიგაში “ზენიტი” სტუმრად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე თამაში ფაქტობრივად გაინაღდა. თავისი თამაშით დორტმუნდელებმა ყველას ცალსახად მიანიშნეს, რომ მიმდინარე სეზონში მათთვის პრიორიტეტი სწორედ ევროთასი იქნება, რაც ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში არსებული ვითარებიდან გამომდინარეობს.
“ნიურნებრგმა” მეორე ეტაპი შესანიშნავად დაიწყო და უკანასკნელ რვა შეხვედრაში მხოლოდ ერთი მატჩი წააგო, ისიც მიუნხენის “ბაიერნთან”. შეიძლება ითქვას, რომ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გერტიან ვერბეეკმა სკეპტიკოსების გაჩუმება შესძლო. ახლა “ნიურნბერგს” უშუალო კონკურენტებტან 4-ქულიანი უპირატესობა აქვს. თუმცა, დორტმუნდში ნიურნბერგელები უკვე ოთხი წელია ვერ ახერხებენ მოგებას.
ჰოფენჰაიმი – ვოლფსბურგი
2014 წლის წარუმატებელი სტარტის შემდეგ, “მგლებმა” თამაშის გამოსწორება მოახერხეს და ზედიზედ სამი მატჩიც კი მოიგეს, რაც მათ სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა. დიტერ ჰეკინგმა ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევა შესძლო, საკუთარი თამაში იპოვე დე ბიუინემ – შედეგიც სახეზეა. თუმცა, “ვოლფსბურგის” სუსტ წერტილად კვლავ რჩება სტუმრად გასამართი შეხვედრები.
“ჰოფენჰაიმი” მიმდინარე სეზონში მაღალი მიზნებისთვის არ იბრძვის და ცხრილის შუა ნაწილში ყოფნით კმაყოფილდება. მარკუს გისდოლის გუნდში ბევრი პრესპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი ირიცხება, რომელთა სანახავადაც ჰოფენჰაიმის მატჩებზე იოაჰიმ ლიოვიც ჩასულა. ორივე გუნდი კარგი შეტევით გამოირჩევა, შესაბამისად უხვგოლიანი მატჩი გამორიცხული არ არის.
ბაიერნი – შალკე
ტურის ცენტრალური დაპირისპირება მიუნხენში გაიმართება, სადაც ერთმანეთს “ბაიერნი” და “შალკე” დაუპირისპირდებიან. მანუელ ნოიერის მიუნხენში გადაბარგების შემდეგ, “ბაიერნი” “ბორუსიას” შემდეგ “შალკეს” ნომერ პირველ მტრად იქცა.
უკვე სამი სეზონია, გელზენკირხენული კლუბის ფეხბურთელები ბავარიელების დამწუხრებას ვერ ახერხებენ. ამასთან ერთად, შუა კვირაში გამართული უმძიმესი მატჩის შემდეგ, რომელში “შალკე” მადრიდის “რეალთან” განადგურდა, კელერის შეგირდები გადაღლილები უნდა იყვნენ და ბუნდესლიგის ერთპიროვნულ ლიდერს ალბათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.
28/02/14
01/03/14
02/03/14