ბუფონი: “ეს ჩემი ბოლო სეზონია და ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შევცვლი”
ტურინის “იუვენტუსის” კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას მიმდინარე სეზონის ბოლოს აპირებს და ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეცვლის.
“ეს ჩემი ბოლო სეზონია. ამაში სრულად დარწმუნებული ვარ. კიდევ ერთი-ორი წლით თამაში ისეთ არაფერს შემმატებდა, რასაც ჯერ ვერ მივაღწიე. მშვიდად ვარ და მომავლის არ მეშინია. მას ენთუზიაზმით ვხვდები, ეს საკუთარი თავის გამოცდაც არის.
ჩემი ამ გადაწყვეტილების შეცვლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეუძლია. ასეთ შემთხვევაში, “იუვენტუსი” საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდება და ამ ტურნირზე თამაშის შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებ”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს “სქაი იტალია”.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა “იუვენტუსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ გააღწია (2002-2003, 2014-2015 და 2016-2017) და სამივეჯერ დამარცხდა.
ამრიგად, თუ “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების გამარჯვებული ვერ გახდება, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჯანლუიჯი ბუფონის პროფესიულ კარიერაში უკანასკნელი ტურნირი იქნება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ფიფამ ჯანლუიჯი ბუფონი გასული წლის საუკეთესო მეკარედ დაასახელა.