ბუფონი იტალიის ნაკრებში დასაბრუნებლად მზადყოფნას გამოთქვამს
ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მზად არის, რომ იტალიის ნაკრებში დაბრუნდეს. “სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ლუიჯი დი ბიაჯომ დამდეგი ამხანაგური მატჩებისთვის გუნდში ბუფონის გამოძახების სურვილი გამოთქვა, რასაც ვეტერანი იტალიელი მეკარე თანხმობით პასუხობს.
“იტალიის ნაკრებისთვის ამ მძიმე პერიოდში ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ორი მნიშვნელოვანი ამნაგური მატჩი გველის. ოჯახთან ერთად დასასვენებლად გამგზავრებას ვაპირებდი, მაგრამ თუ გუნდს ვჭირდები, მე სრულად მზად ვარ.
ერთგულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს და ამას სწორედ ამიტომ ვაკეთებ. გვყავს გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებსაც დამდეგ ამხანაგურ მატჩებში ნაკრების დახმარება შეუძლიათ”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ იტალიელები 23 მარტს ინგლისელებს, ხოლო 27 მარტს არგენტინელებს გაეჯიბრებიან.