ბუფონი: “მეგონა, საუკეთესო მეკარეთა ხუთეულში მოვხვდებოდი”
როგორც მოგახსენეთ, გამოქვეყნდა ფიფას “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა გაფართოებული სია, რომელშიც, ბევრისთვის მოულოდნელად, ვერ მოხვდა ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი. იტალიელმა კიპერმა ამ ფაქტის შესახებ ქომაგებს მიმართა.
“როგორც ყოველთვის, დღეს დილითაც ტელეფონს დავხედე და დამხვდა უამრავი მხარდამჭერი შეტყობინება. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი, რომ “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა სია დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო. ასე რომ, გამიკვირდა ჩემდამი ასეთი ყურადღება რომ იყო. მთელი კარიერის განმავლობაში ოპტიმისტი ვიყავი. იმედგაცრუება და უკმაყოფილება არ მახასიათებს.
მადლობას გიხდით ამ მხარდაჭერისთვის. ეს იყო უდიდესი პატივისცემის ნიშანი. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ გასული სეზონის შედეგებიდან გამომდინარე, მეგონა, საუკეთესო მეკარეთა ხუთეულში მოვხვდებოდი, მაგრამ მერწმუნეთ, ამაზე აღარც კი ვფიქრობ”, – ეს განცხადება ბუფონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.