ბუფონი: “პარი სენ-ჟერმენში” დიდი სიხარულით გადმოვედი”
ჯანლუიჯი ბუფონი “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა. მხარეებს შორის ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. კონტრაქტში ჩაიწერა პუნქტი, რომელიც ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას იძლევა. 40 წლის მეკარემ პარიზულ გუნდში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
“პარი სენ-ჟერმენში” დიდი სიხარულით გადმოვედი. სამშობლო პირველად დავტოვე და ამ ნაბიჯს მხოლოდ ამბიციური პროექტის არსებობის შემთხვევაში გადავდგამდი. კლუბსა და მის პრეზიდენტს ნდობისათვის მადლობას ვუხდი.
ვაკვირდები, როგორი პროგრესი განიცადა “პარი სენ-ჟერმენმა” ბოლო წლების განმავლობაში და ვიცი, რაზე ოცნებობენ კლუბი და მისი ქომაგები. ვეცდები, რომ ჩემი ენერგია, გამოცდილება და გამარჯვებისკენ სწრაფვა გუნდის სასიკეთოდ მივმართო, რათა კლუბს უმაღლესი მიზნების მიღწევაში დავეხმარო”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.