ბუფონმა დუმილი დაარღვია: “ოლივერს კარგი კარიერა ექნება, მაგრამ…”
ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა რამდენიმედღიანი დუმილი დაარღვია და იტალიური ტელეარხის Le Iene-ს საშუალებით მადრიდის “რეალთან” მატჩის ბოლო წუთებში მომხდარ ამბავს გამოეხმაურა.
როგორც იცით, 11 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, არბიტრმა ბოლო წუთებში პენალტი დანიშნა, ბუფონი კი მოედნიდან გააძევა. მატჩის დასრულების შემდეგ ბუფონმა 33 წლის ინგლისელი მსაჯი, მაიკლ ოლივერი მკაცრად გააკრიტიკა.
“ამბის შელამაზებას არ ვაპირებ. ადამიანი ვარ და ყველაფერი ემოციურ ფონზე მოხდა. ასეთ მომენტში, ჩემს მსგავს ადამიანს, რომელიც სპორტით ცხოვრობს, ვერ მოთხოვ იმას, რომ ნერვები მოთოკოს. მატჩის შემდეგ, ყველა შემთხვევაში იმას ვიტყოდი, რომ ოლივერს პენალტი არ უნდა დაენიშნა. უფრო გამოცდილი მსაჯი ასეთ მომენტში არ ჩასტვენდა. მას ორი მებრძოლი გუნდისათვის დამატებით ტაიმში თამაშის უფლება უნდა მიეცა, გუნდები კი თავიანთ სათქმელს მოედანზე იტყოდნენ.
დარწმუნებული ვარ, ოლივერს მომავალში კარგი კარიერა ექნება, მაგრამ ის ზედმეტად ახალგაზრდაა იმისათვის, რომ ასეთი მატჩის მთავარი არბიტრი ყოფილიყო. ამ შემთხვევაში მას არ გაუმართლა, ის ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და პრობლემასთან გამკლავება გაუჭირდა.
ოლივერზე გაბრაზებულიც კი არ ვარ. ყველაფერი იქვე დასრულდა, მაგრამ თავს მოტყუებულად ვგრძნობ. შეგვეძლო, “იუვესა” და იტალიის სახელით ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაგვეწერა. ჩვენი გუნდისა და “რომას” გამარჯვება ერთად ბრწყინვალე რამ იქნებოდა. უპირველეს ყოვლისა, იტალიელი ვარ და იტალიური ფეხბურთის ბედი ნამდვილად მაინტერესებს. “რომამ” საოცარი თამაში შემოატრიალა, ამ გუნდს ვგულშემატკივრობდი.
ამ მატჩზე უფრო მეტად მნიშვნელოვან მატჩებში დავმარცხებულვარ, მაგრამ მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ ეს შეხვედრა ჩემს ტურინულ კარიერაში ყველაზე გასაოცარი იქნებოდა.
რაც შეეხება პენალტს, ეს არ იყო ისეთი სიტუაცია, როცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას: “ეს ნამდვილად პენალტია”. არც იმას ვიტყვი, რომ თერთმეტმეტრიანი არ იყო, მე ვამბობ, რომ საქმე საეჭვო სიტუაციასთან გვქონდა. ასეთ მატჩში, როცა თამაში 20 წამში სრულდება, მსაჯმა ყველაფერი თავდაყირა არ უნდა დააყენოს. ჩემი აზრით, გამოცდილი არბიტრი სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა.
ნება მომეცით, ჩემი გაღიზიანებული თანაგუნდელები და ის 5000 გულშემატკივარი დავიცვა, რომლებიც მადრიდში ჩვენთან ერთად იყვნენ”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Football Italia.