Calciomercato: იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა, “მილანში” დაბრუნდეს
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2016 წელს შესაძლოა, “მილანში” დაბრუნდეს. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა “კალჩო მერკატო” ექსკლუზიურად აქვეყნებს.
წყაროს ცნობით, “როსონერის” პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ დახურულ კარს მიღმა კლუბის გაყიდვის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. შემოსული თანხა შესაძლოა, შვედი ფეხბურთელის შეძენისთვის დაიხარჯოს.
“მილანის” გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი 19 მარტს იბრაჰიმოვიჩის აგენტ მინო რაიოლას შეხვდა.
არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული ტრანსფერი ამ ზაფხულშივე შედგეს. “პარი სენ-ჟერმენი” იბრაჰიმოვიჩის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა შვედ ფორვარდს პარიზულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, თუ შრომითი ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება, ერთი წლის შემდეგ ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანიდან” “პარი სენ-ჟერმენში” 2012 წელს ტიაგო სილვასთან ერთად გადავიდა.