ჩეხი: “თავსაბურავმა გადამარჩინა მეც და ზუმაც” (ფოტოები)
ლონდონის “ჩელსის” კიპერმა პეტრ ჩეხმა ინგლისის ლიგის თასზე “დერბი ქაუნთის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:1) მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრა. შეხვედრის მიმდინარეობისას ჩეხი მეკარე და ლონდონელთა მცველი კურტ ზუმა ერთმანეთს თავებით შეასკდნენ, რის შემდეგაც ფრანგმა ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
“ერთმანეთს თავებით შევასკდით. ზუმას გაუმართლა, რომ თავი ჩემს თავსაბურავს დასცხო. სხვა შემთხვევაში, უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებდა.
ვფიქრობ, თავსაბურავმა გადამარჩინა მეც და ზუმაც. კურტი კარგად არის. სამედიცინო შტაბმა ძალიან კარგად იმუშავა”, – ჩეხის სიტყვები “თაიმსმა” გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე “ჩელსი” “ლივერპულს” დაუპირისპირდება. შესაბამისად, მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს “ტოტენჰემ ჰოთსპური” და “შეფილდ იუნაიტედი” შეხვდებიან. მატჩები იანვარში გაიმართება.