ჩამქრალი პორტუგალია და განმტკიცებული ფავორიტის სტატუსი
გუშინდელი დღის ცენტრალურ შეხვედრაში გერმანიამ პორტუგალიელები უშანსოდ დაამარცხა.
ლიოვის შეგირდებმა პირველ ტაიმში ფაქტობრივად ყველა კითხვა მოხსნეს მატჩის შედეგთან დაკავშირებით. ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩის მეორე ნახევარი უბრალო ფორმალობად იქცა.
პირველ ნახევარში პენალტი და გაძევება გერმანიის ნაკრებთან ნებისმიერ გუნდს გატეხავდა. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ამჯერად გასატეხიც არ ყოფილა არაფერი. პორტუგალია მანამდეც უფერული იყო და არც გაძევების შემდეგ უცდია რაიმეს შეცვლა.
ნებისმიერ გუნდს და მით უმეტესს ისეთს, სადაც პეპე თამაშობს, რომელსაც საკუთარ თანაგუნდელზეც კი შეუძლია თამაშის წესის დარღვევა, 10 კაცით დარჩენის შემთხვევაში გარკვეული გეგმა უნდა ჰქონდეს. თუმცა, პაულუ ბენტუს ის არ ქონია, ან მისი იდეები მოთამაშეებმა ვერ გადაიტანეს მინდორზე.
ერთი სიტყვით, პორტგულიელთა თამაშში არანაირი სიახლე არ შეინიშნებოდა. ეს გუნდი ინერციით მომავალ მანქანს ჰგავდა, რომელიც სიჩქარის ასაკრეფათ მორიგი დაღმართის იმედად არის დარჩენილი.
“დაღმართის” ფუნქციას გუნდში კრიშტიანუ ასრულებს. პორტუგალიელთა შვიდიანი ისევე დაიკარგა მოედანზე, როგორც ბენტუს გუნდის სხვა მოთამაშეები, რაც შედეგზეც მომენტალურად აისახა.
გერმანულმა მანქანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი სიძლიერე, პროფესიონალიზმი და ხასიათის სიმტკიცე. მუნდიალზე პირველი ჰეთ-თრიკის შედგა, რომლის ავტორი მიულერი გახდა. გუშინდელი მატჩის შემდეგ გერმანელთა ფავორიტული სტატუსი კიდევ უფრო განმტკიცდა.
გერმანია 4-0 პორტუგალია
გოლები: მიულერი 12′ ; ჰუმელსი 32′ ; მიულერი 45′ ; მიულერი 78
გაძევება: პეპე 37′