ჩავი: “ბენფიკაზე” გაცილებით უკეთესები ვიყავით, ოპტიმიზმს ვინარჩუნებ”
კატალონიის “ბარსელონას” თავკაცმა, ჩავი ერნანდესმა, “ბენფიკასთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იცით, “ბლაუგრანა” გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზურს ინაღდებდა, თუმცა კატალონიელებმა ეს შანსი ხელიდან გაუშვეს.
“ბენფიკაზე” გაცილებით უკეთესები ვიყავით. დიდებული მატჩი ჩავატარეთ. ერთადერთი რაც ამ შეხვედრაში დაგვაკლდა, გოლი იყო. გოლი რომ გაგვეტანა, ბრწყინვალე თამაში იქნებოდა.
ოპტიმიზმს ვინარჩუნებ. ჩვენ “ბარსელონა” ვართ, გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომელთაც გარდატეხის შეტანა შეუძლიათ. დღეს ჩვენ მხოლოდ ერთი ქულა მოვიპოვეთ, რაც ამ კლუბს არ შეეფერება.
დღეს ვნახეთ, რომ ფიზიკურ პრობლემასთან არ გვაქვს საქმე. ჩვენ თვითდაჯერებულობა უნდა შევიმუშავოთ. ვნახოთ, თუ რას მივაღწევთ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე,” – აცხადებს ჩავი.