ჩავი რეფორმებით დაბრუნდა – ფეხბურთელები წესების დარღვევისთვის დაჯარიმდებიან
კატალონიის “ბარსელონას” ამიერიდან ჩავი ერნანდესი უთავკაცებს. “ბლაუგრანას” ლეგენდამ გუნდში რეფორმების გატარება უკვე დაიწყო.
“ბარსელონას” ფეხბურთელები ამიერიდან ვარჯიშზე საათნახევრით ადრე უნდა გამოცხადდნენ, რათა ისაუზმონ, დავალებები მიიღონ და ინდივიდუალურად მოემზადონ. სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები კი ვარჯიშზე ორი საათით ადრე უნდა მივიდნენ.
ჩავის სურს, რომ ფეხბურთელებმა ბაზაზე მიიღონ საკვები დიეტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. სწორი კვება მათ ტრავმიანობას შეამცირებს. მატჩამდე 48 საათით ადრე ფეხბურთელებს ღამის კლუბებში გართობა ეკრძალებათ, ისინი ადრე უნდა მივიდნენ სახლში.
ჩავის მმართველობის პერიოდში განახლდება ლუის ენრიკეს მიერ გაუქმებული საჯარიმო სისტემებიც. წესების მრავალჯერადად დარღვევის შემთხვევაში ჯარიმების ოდენობა შესაბამისად გაიზრდება.
ზემოხსენებული შეზღუდვების გარდა, ფეხბურთელებმა, რომლებიც ქალაქიდან შორს წასვლას გადაწყვეტენ თავისუფალ დროს, სამწვრთნელო შტაბს უნდა სთხოვონ ნებართვა. მათ რისკის შემცველ აქტივობებში მონაწილეობის მიღებაც ეკრძალებათ.