ჩავი: “უსამართლობაა “რეალმა” ასე რომ მოიგო”
კატალონიის “ბარსელონას” ესპანელი ლეგენდა, ჩავი ჩემპიონთა ლიგაზე “რეალსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩს გამოეხმაურა, რომელიც მადრიდელთა გამარჯვებით (3-1) დასრულდა.
“მადრიდელებს” რაღაც განსაკუთრებული აქვთ. მათთან თამაშისას შანსებს თუ ვერ გამოიყენებ, განწირული ხარ, აუცილებლად დაგსჯიან. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ “რეალს” შეუძლია მეტოქეს არაფრის კეთებითაც აჯობოს – კონტრშეტევები საკმარისი აღმოჩნდა მატჩის მოსაგებად… ჯანდაბა.
თითქმის ყველასთვის უსამართლობაა, “რეალმა” ასე რომ მოიგო. “პარი სენ-ჟერმენს” ამხელა სხვაობით არ უნდა წაეგო. შეხვედრა 1-1, 2-2 ან 1-2 უნდა დასრულებულიყო “პარიზელთა” სასარგებლოდ.
შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ იგებს “რეალი” მაშინაც, როდესაც ვერ თამაშობს. ესპანურ არხზე ვუყურებდი ამ თამაშს და კომენტატორმა სრული სიმართლე თქვა. მატჩი რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული ფაზისგან შედგებოდა, რომელთა უმეტესობაშიც “პსჟ” დომინირებდა.
იყო თუ არა “რეალი” “პარი სენ-ჟერმენზე” უკეთესი? ჩემთი აზრით, არა. მაგრამ მათ სულ არ აინტერესებთ, ვინ არის უკეთესი მოედანზე. მათი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. ამიტომაც არის ასეთი რთული მათ წინააღმდეგ თამაში,” – აცხადებს ჩავი.