ჩეხების ქამბექი ხორვატებთან (ვიდეო)
სენტ-ეტიენის “ჟოფრუა გიშარზე” ჩეხეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მატჩის პირველი ნახევარი ხორვატების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებითაც დასრულდა. შეხვედრის 37-ე წუთზე მოედნის ცენტრალურ ხაზთან იაროსლავ პლაშილს ბურთი მილან ბადელმა დაატოვებინა, დაცვაში შექმნილი სივრცეებით ივან პერიშიჩმა ისარგებლა, საჯარიმოში შევიდა და პეტრ ჩეხს აუღებელი დაურტყა – 0:1.
59-ე წუთზე ჩეხების სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა: ჩეხთა მცველმა რომან ჰუბნიკმა ბურთი პირდაპირ ბროზოვიჩს ჩააბარა, ამ უკანასკნელმა კი ივან რაკიტიჩი მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა და ხორვატების უპირატესობა გაიზარდა – 0:2.
76-ე წუთზე ჩეხებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს: ტომაშ როსიცკიმ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი თავით შეცვლაზე შემოსულმა მილან შკოდამ თავით ითამაშა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 1:2. ამის შემდეგ ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩეხების მხარეს გადავიდა.
შეხვედრის მიწურულს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა: ხორვატმა ფანებმა მოედანზე მაშხალები გადმოყარეს, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა. ტრიბუნაზე ქომაგები წაკინკლავდნენ კიდეც.
კომპენსირებულ დროში ანგარიში გათანაბრდა კიდეც: ვიდას საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი ტომაშ ნეციდმა გაიტანა და წონასწორობაც აღდგა. საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
ევრო-2016
D ჯგუფი
ჩეხეთი — ხორვატია 2:2 (0:1)
ჩეხეთი: ჩეხი, კადერჟაბეკი, სივოკი, ჰუბნიკი, ლიმბერსკი, პლაშილი (ნეციდი 86′), როსიცკი, სკალაკი (შურალი 67′), კრეიჩი, დარიდა, ლაფატა (შკოდა 67′).
მთავარი მწვრთნელი: პაველ ვრბა.
ხორვატია: სუბაშიჩი, სრნა, ჩორლუკა, ვიდა, სტრინიჩი (ვრსალკო 90+8′), მოდრიჩი (კოვაჩიჩი 62′), ბადელი, ბროზოვიჩი, პერიშიჩი, რაკიტიჩი (შილდენფელდი 90+7′), მანჯუკიჩი.
მთავარი მწვრთნელი: ანტე ჩაჩიჩი.
გოლები: შკოდა 76′, ნეციდი 90+4′ (პენ) — პერიშიჩი 38′, რაკიტიჩი 59′.
გაფრთხილებები: სივოკი 72′ — ბადელი 14′, ბროზოვიჩი 74′, ვიდა 90+3′
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).