„ჩელსიმ“ სტუმრად „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა
ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის ცენტრალური და დასკვნითი მატჩი „ეტიჰად სთეიდიუმზე“ შედგა, სადაც „მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „ჩელსი“ მიიღო. საფეხბურთო ექსპერტთა დიდი ნაწილი ფავორიტად „ქალაქელებს“ მიიჩნევდა, მაგრამ შეხვედრა ლონდონელთა კარნახით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთო გოლი მატჩის 32-ე წუთზე ბრანისლავ ივანოვიჩმა ლამაზი დარტყმით გაიტანა. ამის შემდეგ „სიტი“ ანგარიშის გათანაბრებას ბევრს ეცადა, თუმცა უშედეგოდ. ნათლად გამოჩნდა, რომ ტრავმირებული სერხიო აგუეროს არყოფნა „ქალაქელებისთვის“ სერიოზული დანაკლისი გამოდგა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დაცვაში არც „ჩელსი“ ჩამჯდარა და საერთოდაც, ერთი გატანილი გოლის მიუხედავად, მაყურებელმა ორივე გუნდისგან სწრაფი, დინამიური და თვალსასეირო თამაში იხილა.
ამრიგად, „ქალაქელები“ პრემიერლიგაში გასული წლის 10 ნოემბრის შემდეგ პირველად დამარცხდნენ და მათი 12-მატჩიანი წაუგებელი სერიაც შეწყდა. ამ გამარჯვებით „ჩელსიმ“ 53 ქულა დააგროვა და ახლა ამდენივე ქულის მფლობელ „მანჩესტერ სიტისთან“ მეორე-მესამე პოზიციებს იყოფს.
ინგლისის პრემიერლიგა
XIV ტური
„მანჩესტერ სიტი“—„ჩელსი“ 0:1 (0:1)
„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი, კომპანი, დემიკელისი, ზაბლეტა, კოლაროვი, ნასტასიჩი, დავიდ სილვა, იაია ტურე, ხესუს ნავასი, ნეგრედო (იოვეტიჩი 57′), ჯეკო.
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
„ჩელსი“: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა, ვილიანი (ობი მიკელი 90+2′), რამირესი, მატიჩი, აზარი (ბა 90+4′), ეტოო (ოსკარი 83′).
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
გოლი: ივანოვიჩი 32′.
გაფრთხილებები: დემიკელისი 37′, კოლაროვი 42′, ნასტასიჩი 87′ — ივანოვიჩი 33′, მატიჩი 40′, ვილიანი 90+2′.
მთავარი მსაჯი: მაიკ დინი.
ბექა დოგრაშვილი