“ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დე ვრეისთვის იბრძოლებენ
პრემიერ ლიგის გუნდები, ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის ხაზის გაძლიერებას შეეცდებიან. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინგლისური კლუბების ერთ-ერთ მთავარი სამიზნე რომის “ლაციოს” ფეხბურთელი, სტეფან დე ვრეი იქნება.
ჰოლანდიელმა მცველმა ამ სეზონში სერია ა-ში 12 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა. ერთი სიტყვით, იგი სტაბილურად ასპარეზობს და სათამაშო დროც ეძლევა. დე ვრეის გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულზე ეწურება, თუმცა ვრცელდება ხმები, რომ “ლაციო” 24 წლის სპორტსმენს ახალ ხელშეკრულებას უმზადებს.
ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი გამოწვევაა პრემიერ ლიგაში თამაში. შესაბამისად, მიუხედავად ზემოთ ნახსენებისა, სტეფანი ნამდვილად ვერ იტყვის მყისიერ უარს ინგლისური გრანდების შემოთავაზებაზე.
“ჩელსის” და “მანჩესტერს”, დაახლოებით, 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ ჰოლანდიელის სანაცვლოდ.