“ჩელსი” პეტრ ჩეხის დაბრუნებაზე ფიქრობს
ლონდონის “ჩელსიმ” შესაძლოა, პეტრ ჩეხი დაიბრუნოს. ინგლისური კლუბი და ტიბო კურტუა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ აღწევენ. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ბელგიელი კიპერი კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. შესაბამისად, ლონდონელებს მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ახალი მეკარე ჰყავთ მოსაძებნი.
“ჩელსი” კურტუას შესაძლო შემცვლელად თავდაპირველად “რომას” კიპერ ალისონის კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა ბრაზილიელი მეკარე, სავარაუდოდ, “ლივერპულს” მიაშურებს.
ამ რთულ სიტუაციაში “ჩელსის” ყველაზე რეალურ ვარიანტად პეტრ ჩეხის დაბრუნება ესახება, რომელიც დღესდღეობით ლონდონის “არსენალში” თამაშობს. თავის მხრივ, “მეთოფეებმა” ამ ზაფხულს ბერნდ ლენო დაიმატეს, რაც გუნდიდან ჩეხის აბარგების ალბათობას ზრდის.
“ჩელსი” პეტრ ჩეხის ალტერნატიულ ვარიანტად “ლესტერ სიტის” კიპერ კასპერ შმეიხელის კანდიდატურას განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ პეტრ ჩეხი ლონდონის “ჩელსის” ღირსებას 11 წლის განმავლობაში, 2004-დან 2015 წლამდე იცავდა.