„ჩელსი“ vs „სიტი“ – სამი დუელი
ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგება, სადაც ლონდონის „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტის“ მიიღებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას გამოცდილი ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ უები განსჯის.
მატჩამდე გთავაზობთ იმ სამი მთავარი დუელის შესაძლო შედეგის განხილვას, რომლითაც შეხვედრის ბედი მნიშვნელოვნად უნდა განისაზღვროს.
დავიდ ლუისი vs სერხიო აგუერო
არგენტინელი თავდამსხმელი ძალიან კარგ ფორმაშია. აგუერო რეგულარულად თამაშობს და იტანს – 98 მატჩში 56 გოლი უბრალო შედეგი ნამდვილად არ არის. ბოლოს და ბოლოს, მან პრემიერლიგის 2011/12 წლების სეზონის უკანასკნელი მატჩის უკანასკნელ წამზე გატანილი გოლით „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონის ტიტული მოუტანა. ახლა აგუერო უბრალოდ დაფრინავს მოედანზე. 173 სმ-ის სიმაღლის კაცი თავითაც კი იტანს – გასულ უქმეებზე პრემიერლიგაში თავით გატანილი პირველი გოლი აღნიშნა.
„სიტის“ ფორმალურ სქემაში – 4-2-3-1 – აგუერო სამ შემტევ ფეხბურთელთა შორის გადის, თუმცა ის არ თამაშობს, როგორც შემტევი ნახევარმცველი. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ მატჩში, რომელიც „სიტიმ“ მოსკოვის „ცეესკას“ წინააღმდეგ გამართა (2:1), აგუერო ძირითადად შეტევის პირველ ხაზში თამაშობდა, სადაც, როგორც წესი, ცენტრალური თავდამსხმელები მოქმედებენ. აი, ალვარო ნეგრედო კი – უფრო ხშირად იწევდა უკან. ალბათ, „ჩელსის“ დაცვის ცენტრის გამაგრებას დავიდ ლუისი შეეცდება. ბრაზილიელი სწრაფია, უფრო მობილურია, ვიდრე ჯონ ტერი და გარი კეჰილი. ამიტომ, ჩვენი ვარაუდით, სწორედ მას დაევალება აგუეროს განეიტრალება. თუ დავიდ ლუისი არგენტინელ ფეხბურთელს შესაძლებლობებს მაქსიმალურად შეუზღუდავს, მაშინ „ჩელსის“ შანსები, არ გაუშვას გოლი, მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ფრენკ ლამპარდი vs იაია ტურე
მიმდინარე სეზონის დასაწყისში სპილოს ძვლის კუნძულელი ნახევარმცველი ფანტასტიურ ფეხბურთს გვიჩვენებს. საოცარი ფიზიკური სიძლიერე, ბრძოლისუნარიანობა, ტექნიკა, შეტევის დაწყება, განვითარება და დაგვირგვინება – ამაზე მეტი დადებითი თვისებით პრემიერლიგის არცერთი ნახევარმცველი არ არის მომადლებული. აფრიკელი ფეხბურთელი საჯარიმო დარტყმებსაც შესანიშნავად ასრულებს. ერთი სიტყვით, ის ნამდვილი მანაქანაა, რომელსაც მებრძოლი სპილოს დაუღალავი ძალა აქვს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველ ოსკარს ტურეს განეიტრალება დაევალოს, ობი მიკელი და რამირესი კი, ალბათ, უფრო ცენტრალურ მცველებს დაეხმარებიან. ესე იგი, ტურეს ბრძოლა ფრენკ ლამპარდის წინააღმდეგ მოუწევს. ლამპარდმა სამაშაბათს გამართულ საჩემპიონთალიგო მატჩში სრულად კი ითამაშა, მაგრამ ჟოზე მოურინიო, სავარაუდოდ, მას დღესაც დააყენებს ძირითად შემადგენლობაში. ვნახოთ, რამდენად შეძლებს დიადი ლამპარდი შესანიშნავ ფორმაში მყოფი ტურეს შეჩერებას.
ბრანისლავ ივანოვიჩი vs დავიდ სილვა
ესპანელი ჯადოქარი, რომელმაც სეზონის სასტარტო რამდენიმე მატჩი გამოტოვა, იბრუნებს ფორმას და კვლავ ხდება „სიტისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურა. „ის მოედანზე ხედავს და აკეთებს ისეთ რაღაცებს, რასაც პრემიერლიგაში სხვა ვერავინ აკეთებს. ის იბრუნებს ფორმას და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია „ქალაქელებისთვის“, – განაცხადა „ბიბისის“ ექსპერტმა მარკ ლოურენსონმა. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: მატჩის მიმდინარეობისას დავიდ სილვა საშუალოდ ოთხჯერ აკეთებს სახიფათო გადაცემას.
დავიდ სილვა თუნდაც მარცხენა ფლანგზე დააყენონ, მაინც მუდმივ მოძრაობაშია, მოქმედებს შეტევითი ფრონტის მთელ ხაზზე. ეშლი კოული მოედანს უბრუნდება, თუმცა დავიდ სილვას განეიტრალება, ალბათ, მაინც ბრანისლავ ივანოვიჩს დაევალება. სერბმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი მატჩში, რომელიც „ჩელსიმ“ „შალკეს“ წინააღმდეგ გამართა, დაცვის მარცხენა ფლანგზე ითამაშა. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ის დღესაც მარცხენაფლანგელ მცველად მოგვევლინოს. ივანოვიჩი სწრაფია, მობილურია, ზომიერად უხეშია და სილვასთან ორთაბრძოლაში დროულად შესვლა შეუძლია. თუ მას ესპანელის განეიტრალება გამოუვა, „სიტის“ შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად შესუსტდება.
ბექა დოგრაშვილი