“ჩელსიმ” “ტოტენჰემი” პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალში გავიდა (ვიდეო)
24 იანვარს ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართა “სტემფორდ ბრიჯზე”. მინიმალური ანგარიშით განცდილი მარცხის შემდეგ “არისტოკრატებმა” შური იძიეს და “მამლებს” ფინალის საგზური გამოსტაცეს ხელიდან.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და მასპინძელთა მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში 27-ე წუთზე ნგოლო კანტემ გახსნა, რომლისთვისაც ეს რიგით მეოთხე გოლი გახლავთ მიმდინარე სეზონში. ტაიმის საბოლოო შედეგი კი ედენ აზარმა დააფიქსირა 37-ე წუთზე.
მეორე ტაიმი მაურისიო პოჩეტინოს ბიჭებმა უფრო ცოცხლად დაიწყეს და შედეგად, ფერნანდო ლორენტემ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ შეძლო ოფიციალურ მატჩში თავის გამოჩენა (50′). ლიგის თასის წესების თანახმად, სტუმრად გატანილ გოლს მნიშვნელობა არ ენიჭება და გულშემატკივრებმა პენალტების სერია იხილეს.
თერთმეტმეტრიანების სერია, ლონდონის “ჩელსის” იოლი გამარჯვებით დასრულდა – უილიანმა, ასპილიკუეტამ, ჟორჟინიომ და დავიდ ლუისმა ბრწყინვალედ გამოიყენეს თავიანთი შანსები. სტუმართა მხრიდან კი მხოლოდ ერიქსენმა და ლამელამ შეძლეს მეტოქის კარის აღება, ხოლო დაიერმა და ლუკასმა – ვერა.
ასე რომ, ლიგის თასის ფინალში “ჩელსი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება, რომელმაც “ბარტონი” გამანადგურებელი ანგარიშით 10:0 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში).