“ჩელსისა” და “არსენალის” ბრწყინვალე დაპირისპირება ბელერინმა დახურა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 22-ე ტური ლონდონის “არსენალისა” და “ჩელსის” პრინციპულმა დაპირისპირებამ დახურა, რომელმაც მოლოდინები გაამართლა და საკმაოდ სანახაობრივიც გამოდგა. მატჩი კი საბოლოო ჯამში ფრედ, 2-2 დასრულდა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, თამაში შედგა – გუნდებმა 30-ჯერ დაარტყეს კარში და ოთხი გოლი გაიტანეს. ანგარიში შეხვედრის 63-ე წუთზე უილშირმა გახსნა ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ, რასაც ედენ აზარმა ოთხ წუთში უპასუხა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.
შეხვედრის 84-ე წუთზე მარკო ალონსომ ზაპაკოსტას გადაცემა გამოიყენა და “არისტოკრატები” წინ გაიყვანა. მართალია, სტუმრები საკმაოდ აქტიურად ცდილობდნენ დროის გაყვანას, რის გამოც კურტუას ყვითელი ბარათიც უჩვენეს, მაგრამ “მეთოფეებმა” მაინც მოასწრეს გაესროლათ – თავი ექტორ ბელერინმა გამოიჩინა – 2:2.
შედეგად, ანტონიო კონტეს გუნდმა მეორე ადგილზე გადასვლის საკმაოდ კარგი შანსი გაუშვა ხელიდან და ახლა 46 ქულით მესამეა, “არსენალი” კი 39 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში “არისტოკრატები” “ლესტერს” მიიღებენ, “მეთოფეები” კი “ბორნმუთს” ეწვევიან.
“არსენალი”: ჩეხი; ჰოლდინგი, მუსტაფი, ჩემბერსი; მაიტლანდ-ნაილსი, უილშირი, ჯაკა, ბელერინი;სანჩესი, მესუთ იოზილი; ალექსანდერ ლაკაზეტი (უელბეკი 80′)
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი
“ჩელსი”: კურტუა; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი; მოზესი (ზაპაკოსტა 58′), ფაბრეგასი (დრინქვოთერი 71′), კანტე, ბაკაიოკო, ალონსო; ედენ აზარი (უილიანი 82′), ალვარო მორატა
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე