ჩემპიონთა ლიგა გრძელდება
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები დღესაც გაიმართება. მადრიდში, ადგილობრივი “რეალი” დორტმუნდის “ბორუსიას” მიიღებს, ხოლო პარიზში ურთიერთობას “პსჟ” და “ჩელსი” გაარკვევენ.
დორტმუნდელები მადრიდში გასამართ შეხვედრას დანაკლისით ხვდებიან. საინტერესოა, რომ გასულ წელს “რეალთან” გამარჯვებული შემადგენლობიდან დღეს “ბორუსიას” განაცხადში მხოლო ოთხი მოთამაშე იქნება. იურგენ კლოპს “სანტიაგო ბერნაბეუზე” სუბოტიჩი, ბენდერი, შმელცერი, გიუნდოგანი და ლევანდოვსკი ვერ დაეხმარებიან.
ცვლილებები “რეალშიც” არის, თუმცა მადრიდული კლუბის თამაში ამით არ დასუსტებულა. ანჩელოტის გუნდის მიმდინარე სეზონი ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესოა.
დღის ცენტრალურ დაპირისპირებას პარიზი უმასპინძლებს. ფრანგული კლუბი წელს ერთ-ერთი საუკეთესო სეზონს ატარებს. იბრაჰიმოვიჩს და კომპანიას მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე დიდი გეგმები აქვთ. თუმცა, პარიზელთა მთავარი პრობლემა შესაძლოა ის გახდეს, რომ “ჩელსის” დონის გუნდებთან მათ ხშირად არ უწევთ დაპირისპირება. ფრანგულ ჩემპიონატში მეტოქეების დიდ ნაწილს “პსჟ” ნახევარი ძალით უსწორდება.
“ჩელსის” ბანაკში სიტუაცია საპირისპიროა. პრემიერლიგის ყოველ ტურში “არისტოკრატები” ასი პროცენტით იხარჯებიან. მძიმე კონკურენციის პირობებში შესაძლოა ლონდონელებს დაღლილობა დაეტყოთ.
ბევრი ამ წყვილს იბრაჰიმოვიჩის და მოურინიოს პირად დაპირისპირებად აღიქვავს. ერთად ამ ორ გამორჩეულ პიროვნებას “ინტერში” უმუშავია, თუმცა მაშინ განსაკუთრებული ურთიერთობა არ ჩამოუყალიბდათ.
22:45 მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი – ბორუსია
22:45 პარიზი, “პარკ დე პრენსი”
პსჟ – ჩელსი