ჩემპიონთა ლიგა ტურინში და მანჩესტერში გაგრძელდება
დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრებს ტურინი და მანჩესტერი უმასპინძლებენ. იტალიაში ერთმანეთის წინააღმდეგ “იუვენტუსი” და “დორტმუნდი” წარსდგებიან, ხოლო ცენტრალური მატჩი “მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” შორის შედგება.
იუვენტუსი – დორტმუნდი
ამ წყვილში ფავორიტის დასახელება რთულია. ერთის მხრივ “იუვენტუსი” საკუთარი ჩემპიონატის დამაჯერებელი ლიდერია, რასაც “დორტმუნდზე”, რომელიც პირველი წრის შემდეგ უკანასკნელ პოზიციებზე იყო, ვერ ვიტყვით. თუმცა, კლოპის გუნდი მიმდიანრე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში სულ სხვა გუნდია. გარდა ამისა, დორტმუნდელებმა ბოლო პერიოდში საშინაო ასპარეზზეც გაიუმჯობესეს მდგომარეობა.
უკანასკნელ სამ მოგებულ შეხვედრაში “დორტმუნდის” ძირითადი შემადგენლობა თითქმის უცლელი იყო. მოსალოდნელია, რომ იურგენ კლოპი არც დღეს შეიტანს შემადგენლობაში განსაკუთრებულ ცვლილებებს. შეხვედრას “იუვენტუსიც” ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
იუვენტუსი: ბუფონი – ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა – მარკიზიო, პირლო, პოგბა – ვიდალი – ტევესი, ლიორენტე
დორტმუნდი: ვაიდენფელერი – პიშეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი – შაჰინი, გიუნდოგანი – ბლაშიკოვსკი, კაგავა, როისი – ობამეიანგი.
მანჩესტერ სიტი – ბარსელონა
“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები საკუთარ პროექტში უკვე წლებია ათეულობით მილიონს ხარჯავენ. მიზანი ტოპ-კლუბის შემქნაა და შიდა ასაპრეზზე მანჩესტერელებმა ამას მიაღწიეს კიდეც, როდესაც უკანასკნელ სამ სეზონში ორი ჩემპიონობა მოიპოვეს. ჩემპიონთა ლიგაში კი მათი მაქსიმუმი მხოლოდ 1/8 ფინალია, რაც კონტინენტის საუკეთესო კლუბებში ყოფნისთვის რბილად რომ ვთქვათ საკმარისი არ არის.
პელეგრინის გუნდს ბოლო პერიოდში დამაჯერებლობა აკლდა, თუმცა უკანასკნელ ორ შეხვედრაში “სიტიმ” ძალიან კარგად ითამაშა და გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველი გაუჩინა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, “სიტის” ტრავმირებული მოთამაშეები არ ჰყავს. გუნდს მხოლოდ დისკვალიფიცირებული ტურე დააკლდება.
“ბარსელონამ” რამდენიმე დღის წინ “მალაგასთან” წაგებული შეხვედრით 11 მოგებისგან შემდგარი სერია შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკემ გასულ მატჩში სრული საბრძოლო შემადგენლობით ითამაშა. ასე რომ, ძალების დაზოგვაზე საუბარი ალბათ ამ შემთხვევაში უადგილო იქნებოდა.
სავარაუდო შემადგენლობები:
მანჩესტერ სიტი: ჰარტი – საბალეტა, კომპანი, მანგალა, კოლაროვი – ნასრი, ფერნანდო, ფერნანდინიო, მილნერი, სილვა – აგუერო.
ბარსელონა: ტერ შტეგენი – დანილ ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა – რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა – მესი, სუარესი, ნეიმარი.