ჩემპიონთა ლიგაზე გრანდიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ
ბრიტანულ გამოცემა Telegraph-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, უეფა ჩემპიონთა ლიგის ფორმატში დიდი ცვლილებები განხორციელებას გეგმავს.
როგორც იცით, საფეხბურთო ელიტაში საკმაოდ სერიოზული საუბრები მიმდინარეობდა ახალი ტურნირის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც მხოლოდ ევროპულ გრანდებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა (ევროპის სუპერლიგა). ამან კი უეფა იძულებული გახადა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში ცვლილებები შეეტანა.
უეფა ახალ ფორმატში “შვეიცარიული სისტემის” გამოყენებას გეგმავს. განახლების შემდეგ ევროპულ გრანდებს შორის უფრო მეტი მატჩი გაიმართება, ვიდრე დიდ კლუბებსა და პატარებს შორის.
ამჟამინდელი ინფორმაციით ყოველწლიურად გათამაშებაში 36 კლუბი მიიღებს მონაწილეობას და თითოეული ათ შეხვედრას გამართავს (შემთხვევითობის პრინციპით ამორჩეულ მეტოქეებთან).
ათი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილი ორ ნაწილად დაიყოფა: პირველი თექვსმეტი კლუბი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გააგრძელებს ასპარეზობას, ბოლო თექვსმეტეული კი ევროპა ლიგაზე ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ პლეი-ოფში წილისყრა არ გადაწყვეტს წყვილების ვინაობას. ნაცვლად ამისა, პირველადგილოსანი მე-16 ადგილზე მყოფ კლუბს დაუპირისპირდება, მეორეადგილოსანი – მე-15 პოზიციაზე მყოფს (როგორც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ხდება).