ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისა და დაჯილდოების ცერემონიაზე გასული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს, რომელიც მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა. პოლონელმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ათი მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მეორე ადგილზე კევინ დე ბრეინე (“მანჩესტერ სიტი”) გავიდა, ხოლო მესამე პოზიციაზე მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”) აღმოჩნდა.
შემდეგი ადგილები ასე განაწილდა:
4. ლიონელ მესი (“ბარსელონა”);
= ნეიმარი (“პსჟ”);
6. თომას მიულერი (“ბაიერნი”);
7. კილიან მბაპე (“პსჟ”);
8. ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”);
9. იოზუა კიმიხი (“ბაიერნი”);
10. კრიშტიანუ რონალდუ (“იუვენტუსი”).
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები იყვნენ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გასული სეზონის ჯგუფური ეტაპის მონაწილე 80 გუნდის თავკაცი და კიდევ 55 ჟურნალისტი. მწვრთნელებს საკუთარი მოთამაშის დასახელების უფლება არ ჰქონდათ.