ჩემპიონთა ლიგის ფინალი: როგორ უნდა შეაჩეროს “იუვემ” “ბარსელონა”?
უმრავლესობა თანხმდება, რომ ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ ფინალში ფავორიტი “ბარსელონაა”. კატალონიელები სეზონის მეორე ნაწილს შესანიშნავ ფორმაში შეხვდენენ, ხოლო ფინიშის სწორზე კიდევ უფრო მოუმატეს და ესპანური ტიტულების დამაჯერებლად მოგების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებასაც აპირებენ. თუმცა, კატალონიური კლუბი დაუმარცხებელი არ არის და “იუვენტუსს” საკუთარი შანსების გასაზრდელად “ბარსელონას” შედარებით სუსტ წერტილებზე სჭირდება აქცენტის გაკეთება.
ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში “ბარსლეონამ” ფენომენალური 28 გოლის გატანა შეძლო, რას იმას ნიშნავს, რომ გუნდი საოცრად შედეგიანია. თუმცა, საინტერესოა ის გარემოება, რომ კატალონიელებმა 26 გოლი საჯარიმოს შიგნიდან გაიტანეს. “ბარსა” შორეულ დარტყმებს ფაქტობრივად არ იყენებს, რაც ტურინელებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონო წარმატების მისაღწევად და მეტოქეს საჯარიმოში შესვლაში მაქსიმალურად უნდა შეუშალონ ხელი.
დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ნახევარდაცვის ხაზს. ყველამ იცის, რომ დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს ნახევარდაცვა “ბარსელონას” ძლიერი მხარე არ არის. სერხიო ბუსკეტსი “იუვენტუსის” ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველებთან თანაბრად ჭიდილი გაუჭირდება. ასე რომ, არტურო ვიდალს, პოლ პოგბასა და კლაუდიო მარკიზიოს საჯარიმოდან საჯარიომდე თამაშის დროს დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწევთ.
ლუის ენრიკეს ფორამციის ბარსელონაში ფლანგის მცველები ჩვეულებრივზე აქტიურად ერთვებიან შეტევაში. დაცვაზე გადაწყობის დროს კი მათ ცენტრალური მცველები და საყრდენი აზღვევენ.
როგორც წესი, ბუსკეტსი ცენტარლური მცველის პოზიციას იკავებს, ხოლო მასკერანო თავის სისწრაფეს პოტენციური ხიფათის გასანეიტრალებლად იყენებს. იმ შემთხვევაში, თუ “იუვეს” შემტევები პიკეს ან ბუსკეტსის იზოლირებას შეძლებენ, შეტევაში მეტ თავისუფლებას მოიპოვებენ და დამახასიათებელი სწრაფი კონტრშეტევებით ხიფათის შექმნასაც შეძლებენ მეტოქის კართან.
“იუვენტუსისთვის” გაცილებით ძლიერ მეტოქესთან წარმატების მისაღწევად მოთმინება და ბევრი შრომა დასჭირდება.