ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა, ევროპის საზღვრებს გასცდეს
უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მომავალში შესაძლოა, ევროპის საზღვრებს გარეთ ჩატარდეს. ამის შესახებ უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ისაუბრა.
“ეს ჯერ მხოლოდ იდეაა, რომელიც განხილვას საჭიროებს. პორტუგალიიდან აზერბაიჯანში გადაფრენას თითქმის იმდენივე დრო სჭირდება, რამდენიც ნიუ იორკში ჩასაფრენად არის საჭირო. ფანებისთვის ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ევროპული ტურნირია და საკითხი განხილვას საჭიროებს.
ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფინალური მატჩის ჩატარების უფლების მოპოვების პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალე უნდა იყოს, ვინაიდან პოლიტიკური ხელშეწყობით მასპინძელი ქალაქის არჩევა სწორი არ არის. თუ ვინმე დაგვიკავშირდება და ამ გზით შეეცდება ჩვენზე გავლენის მოხდენას, ყველასთვის გასაგები პასუხი გვექნება: “ბოდიშს გიხდით, ჩვენ განსაზღვრული წესები გვაქვს და თქვენს თხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ”, – ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს AP.