ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ლივერპულს” “ტოტენჰემი” შეხვდება (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე ამსტერდამის “აიაქსსა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურს” შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. როგორც მოგეხსენებათ, პირველი მატჩი ჰოლანდიელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული, რითაც გარკვეულ უპირატესობას ფლობდნენ. საპასუხო დრამატულ ბრძოლაში წარიმართა და “დეზების” გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. შედეგად, ფინალში ლონდონელები გავიდნენ.
მასპინძლები მეხუთე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი მატეის დე ლიხტმა შეაგება – 1:0. შესვენებამდე ათი წუთით ადრე ჰაკიმ ზიეშმა მეორედ შეარხია ლონდონელთა კარის ბადე. “ტოტენჰემს” ბურთის გატანის შანსი პირველი გაშვებული გოლის შემდეგ ჰქონდა, როდესაც სწრაფი შეტევა განახორციელა, თუმცა სონ ჰინ მინმა დარტყმული ძელს გაარტყა.
როგორც ჩანს, “აიაქსს” საქმე მოგვარებული ეგონა და მეორე ტაიმში გაცილებით პასიურად მოქმედებდა, რის გამოც დაისაჯა კიდეც: ლუკას მოურამ 55-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო ოთხ წუთში დუბლი გაიფორმა და წონასწორობა აღადგინა. “ტოტენჰემს” ფინალის საგზურისთვის კიდევ ერთი გოლის გატანა მართებდა, ამისთვის გაიბრძოლა და საწადელს ბოლო კომპენსირებულ წუთზე მიაღწია. ლუკას მოურამ 96-ე წუთზე ჰეთთრიკი შეასრულა და ლონდონელებს სანატრელი ფინალის საგზური მოუპოვა.
ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალი ინგლისური იქნება: ჩემპიონობისთვის “ტოტენჰემი” და “ლივერპული” იბრძოლებენ. ფინალური შეხვედრა პირველ ივნისს, მადრიდის “ვანდა მეტროპოლიტანოზე” შედგება.
ჩემპიონთა ლიგა
ნახევარფინალი (II მატჩი)
“აიაქსი” — “ტოტენჰემი” 2:3 (2:0) (ორი მატჩის ჯამში 3:3)
გოლები: დე ლიხტი 5′, ზიეში 35′ — ლუკას მოურა 55′, 59′, 90+6′ .