ჩემპიონთა ლიგის სამომავლო ფორმატი “სუსტი” გუნდების დაჩაგვრას ითვალისწინებს
უახლოეს მომავალში შესაძლოა, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჩატარების ფორმატი კიდევ უფრო შეიცვალოს, რაც ე.წ. სუპერ ლიგის იდეის ზემოქმედებით არის გამოწვეული.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლიდან ტურნირში შევა ცვლილებები, რომლის მიზანიც უფრო მეტი შანსის მიცემაა ტოპ-ლიგების წარმომადგენელთათვის და ამასთანავე, “სუსტი” გუნდების დაჩაგვრა.
La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, რომ ახალი ფორმატის წყალობით, იტალიას, გერმანიას, ესპანეთსა და ინგლისს ოთხი გარანტირებული წარმომადგენელი ეყოლებათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე: სამი სატურნირო ცხრილის ლიდერი და ერთიც ისტორიული კლუბი.
ჯგუფურ ეტაპზე კვლავ 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 8 ჯგუფში გადანაწილდებიან. ტოპ-ლიგების 4 წარმომადგენელს დაემატება ორ-ორი გუნდი რუსეთიდან, საფრანგეთიდან და პორტუგალიიდან. ხოლო, თითო გუნდი – შვეიცარიიდან, ბელგიიდან, ჰოლანდიიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. დანარჩენი 5 გუნდის ვინაობას კი ჩვეულებრისამებრ პლეი-ოფი გაარკვევს.