ჩემპიონთა ლიგის წინ – რა ვერ მიიღო გია გეგუჩაძემ?
სულ მალე ბათუმის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ “სლოვანს” დაუპირისპირდება, რომელიც მუდმივად გაძლიერების პროცეშია. გარდა ამისა, გუნდში ორი ქართველი გამოცდილი ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ.
“დინამო” ერთი თავით მაღლა დგას ყველა ქართულ კლუბზე, მაგრამ გუნდს შემადგენლობრივად რამდენიმე პრობლემა აქვს, რაც ფაქტია, ევროტურნირების დაწყებამდე სათანადოდ ვერ მოგვარდა.
ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია უდიდესი დანაკლისია და მათე ვაწაძე მის შეცვლელად ვერ ჩაითვლება, ეს რეალობაა. მაგრამ გუნდს ჰყავს ჯიღაური, გაფრინდაშვილი და ჯოვინო, რომლებთაც მარჯვენა ფლანგზე დგომა შეუძლიათ.
თუმცა მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, ცენტრალურ დაცვაშია. უკვე 2 სეზონია კობახიძე-აზაცკის წყვილი ირჯება, მაგრამ ეს ფეხბურთელები საკმაოდ ნელები არიან და რთული სათქმელია, რამდენად გაუძლებენ გაცილებით უფრო ძლიერი თავდამსხმელების შეტევებს.
არის გიორგი რეხვიაშვილიც, რომელმაც აზაცკი კარგად შეცვალა, მაგრამ ბოლო პერიოდში არ გამოჩენილა. გარდა ამისა, რეხვიაშვილი მაინც ნაკლებად სტაბილურ მოთამაშედ ითვლება.
საუბარი იყო საბა კვირკველიას დამატებაზეც, მაგრამ ეს არ გამოვიდა. არც ლეგიონერმა აბრაჰამ ფრიმპონგმა გაამართლა.
გეგუჩაძეს თითქმის ყველა პოზიციაზე ორი-სამი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს და ყველაზე აუცილებელი ცენტრალური დაცვის გაძლიერება იყო “სლოვანთან” მატჩამდე.
ვნახოთ როგორ ითამაშებს ბათუმელთა დაცვა ჩემპიონთა ლიგაზე.