“ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს” – ბასილაშვილმა ქართველ ქომაგებს მიმართა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიანა ველსის მასტერსის ფინალში დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველმა ჩოგბურთელმა მიღებული გამოცდილება მას მომავალში აუცილებლად დაეხმარება.
“პირველი სეტი კარგად ვითამაშე, მეორე სეტშიც მიმყავდა თამაში. მქონდა ისეთი რაღაცები, რაზეც ახლა საუბარს აზრი არ აქვს. თავის მართლებასავით არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ვერ მოვახერხე ყველაფრის მობილიზება. მქონდა რაღაც პრობლემები მესამე სეტში. კორტიდან გავედი, შევეცადე ჩემი თავი გამომეყვანა მდგომარეობიდან, მაგრამ ვერ გავაკეთე ეს. შემეძლო ამ თამაშის მოგება. გავაგრძელებ მუშაობას, ვარჯიშს და დარწმუნებული ვარ, კარგი რეზულტატის ჩვენება შემიძლია. ამ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ.
ფიზიკურად პრობლემა არ მაქვს. უფრო ჯანმრთელობის მხრივ მქონდა პრობლემა. ძალიან დასანანია, რომ ასეთი რაღაც მოხდა მაინცდამაინც მესამე სეტში და ზოგადად ამ თამაშში”, – უთხრა ნიკამ Setanta Sports Georgia-ს ჟურნალისტს.
ბოლოს, ბასილაშვილმა ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:
“მადლობა საქართველოში ყველა ადამიანს, გულშემატკივრებს, რომლებიც ნამდვილად მიდგანან გვერდში. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი თამაში იყო, ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. აუცილებლად, შემდეგ ტურნირებზე და მომავალ სეზონში, ჩემი მიზანი არის, რომ ვიყო ტოპ ჩოგბურთელი.”