ჩეფერინი “იუვენტუსის” პრეზიდენტზე: “არასდროს მინახავს ასეთი მატყუარა ადამიანი”
19 აპრილს ევროპის თორმეტმა გრანდმა ოფიციალურად დააანონსა ახალი ევროპული ტურნირის შექმნის პროექტი. ევროპის სუპერლიგის იდეის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი “იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი გახლავთ, რომელიც უეფას პრეზიდენტმა საჯაროდ გააკრიტიკა.
– რას იტყვით ანიელისა და ვუდვორდზე, რომლებიც ბოლო მომენტამდე მხარს უჭერდნენ ჩემპიონთა ლიგის რეფორმას?
– მე იურისტად ვმუშაობდი და ძალიან ბევრ განსხვავებულ ადამიანთან მქონია ურთიერთობა. მაგრამ არასდროს მინახავს მათნაირი ადამიანები.
დავიწყოთ ვუდვორდით. ჩვენ იშვიათად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ხუთშაბათს მან დამირეკა და მითხრა, რომ მოსწონდა და მხარს უჭერდა ჩემპიონთა ლიგაზე დაგეგმილ რეფორმებს. მითხრა, რომ ერთადერთი, რისი განხილვაც სურდა, ფინანსური ფეარ-პლეის საკითხი იყო. ფაქტია, რომ ამ დროს მას უკვე მოწერილი ჰქონდა ხელი სხვა რაღაცაზე.
არ მინდა ანიელიზე ბევრი ვისაუბრო. ჩემთვის ის ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო. არასდროს მინახავს ასეთი მატყუარა ადამიანი. წარმოუდგენელია, როგორ შეუძლია ამდენი ტყუილის თქმა.
შაბათს, როდესაც სუპერლიგაზე გავრცელდა ჭორები, მან მითხრა – “არ იდარდო, არაფერი ხდება.” ტელეფონი გამომირთო და მითხრა, რომ მალე შემეხმიანებოდა. მომდევნო დღეს კი ასეთი რამ მოხდა.
ძალიან ბევრი რამ მაქვს ნანახი, მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს. რა თქმა უნდა, სიხარბე ძალიან ძლიერი გრძნობაა და ადამიანის ღირებულებებსაც გადასწონის ხოლმე. მაგრამ ჩვენ მათგან განვსხვავდებით. ყოველთვის კარგია, როდესაც იცი, თუ ვინ რას წარმოადგენს სინამდვილეში.
პარასკევს ისინი მხარს უჭერდნენ ჩვენ რეფორმებს, თუმცა უკვე მოწერილი ჰქონდათ ხელი თავიანთ შეთანხმებაზე. ვუდვორდი, ანიელი, გაზიდისი, ფლორენტინო პერესი – ყველას ეხება. არ ვიცი, შემიძლია თუ არა იმის ახსნა, თუ რას ვფიქრობ მათზე.