ჩეფერინი: “ფეხბურთის ფასეულობები განსხვავებულია, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ”
უეფას პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი სუპერ ლიგის იდეას გამოეხმაურა და საინტერესო განცხადება გააკეთა.
“ევროპულ საკლუბო ტურნირზე მოხვედრა სპორტულ პრინციპებთან უნდა იყოს თანხვედრაში. ჩვენ ამ იდეის წინააღმდეგები ვართ. ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც სუპერ ლიგაში მიიღებს მონაწილეობას, ეროვნულ ნაკრებში თამაში აეკრძალება. ამაზე ყველა კონფედერაცია თანხმდება.
უეფას ფინანსების 90 პროცენტი ფეხბურთს უბრუნდება და ეს თანხა მხოლოდ ელიტურ კლუბებზე არ ნაწილდება. უეფა მხოლოდ ფულისთვის არ მუშაობს. ჩვენ ფეხბურთს ვანვითარებთ. სუპერ ლიგა ასე არ იქცევა. ისინი მხოლოდ ბიზნესს ქმნიან. მათ აინტერესებთ, რა იქნება მათ ჯიბეში. ფეხბურთის ფასეულობები განსხვავებულია. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ”, – განაცხადა ჩეფერინმა.
უეფას პრეზიდენტმა კომენტარი “იუვენტუსის” პრეზიდენტ ანდრეა ანიელიზეც გააკეთა. დადასტურდა, რომ ანიელი სუპერ ლიგის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.
“არ მინახავს ადამიანი ამდენ ტყუილს ამბობდეს. მას შაბათს, ნაშუადღევს ვესაუბრე და მითხრა, რომ სუპერ ლიგის შესახებ ყველაფერი ტყუილი იყო. სიხარბე ყველა ადამიანურ ღირებულებას ანადგურებს”, – თქვა ჩეფერინმა.