ჩეფერინი: “რატომ ჩავატარეთ ფინალი ბაქოში? იქ ხალხი ცხოვრობს!”
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა ოქსფორდის უნივერსიტეტში სტუმრობისას იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ევროპის ლიგის ფინალი აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩატარდა.
როგორც იცით, ფინალში ერთმანეთს “ჩელსი” და “არსენალი” დაუპირისპირდნენ. პოლიტიკური მიზეზების გამო, ბაქოში ვერ ითამაშა მხითარიანმა. ასევე, აზერბაიჯანში ჩასვლა ამ კლუბების ბევრმა ფანმა მანძილის სიშორისა და ფინანსური მიზეზების გამო ვერ შეძლო.
“არჩევნებში ევროპული საფეხბურთო ფედერაციების 76 პროცენტი ჩემ მხარეს იყო, ინგლისმა კი მხარი არ დამიჭირა. ყოველთვის, როცა ინგლისურ კლუბებთან გვაქვს საქმე, ისინი გიჟდებიან! ასეთი მოქმედებით ევროპაში ფეხბურთის პოპულარობას ვერ დაეხმარებიან.
თუ ვინმე მკითხავს, თუ რატომ ჩავატარეთ ფინალი ბაქოში, ვუპასუხებ: “იქ ხალხი ცხოვრობს. იქ ჰომო-საპიენსი ცხოვრობს.” მათ ამ მატჩს ადგილობრივი დროით 23:00 საათზე უყურეს იმის გამო, რომ ევროპის სხვა ნაწილში განსხვავებული დრო იყო.
ფინალში რომ ორი აზერბაიჯანული გუნდი გასულიყო და მათ ლონდონში ეთამაშათ, პრეტენზია არავის ექნებოდა. ისინი ჩამოვიდოდნენ და ითამაშებდნენ, პრობლემების გარეშე. ფინალის ბაქოში ჩატარება წელიწადნახევრის წინ გადაწყდა, მათ თანამედროვე სტადიონი აქვთ, რომელიც 70 000 ადამიანს იტევს. მგონი, ინგლისში მხოლოდ ერთი სტადიონია, რომელსაც ამაზე მეტი გულშემატკივრის დატევა შეუძლია.
შეგიძლიათ ნახოთ, როგორ უხარიათ მათ, როცა ცოცხლად ასეთი დონის ფეხბურთელებს უყურებენ. ჩვენ ფეხბურთი ყველგან უნდა განვავითაროთ, ეს მხოლოდ ინგლისში და გერმანიაში არ უნდა ხდებოდეს”, – ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს “დეილი მეილი”.