კიელინი: „ფინალში გასვლას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით“
უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ტურინის „იუვენტუსსა“ და ლისაბონის „ბენფიკას“ შორის გამართული განმეორებითი მატჩი უგოლოდ დასრულდა. პირველი შეხვედრა პორტუგალიელებს ანგარიშით 2:1 ჰქონდათ მოგებული და შესაბამისად, ფინალის საგზური მათ მოიპოვეს.
მატჩის შემდეგ „ბებერი ქალბატონის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ ფინალში გასვლას „იუვენტუსი“ იმსახურებდა.
„ბენფიკას“ პატივს ვცემთ, მაგრამ ვთვლი, რომ ფინალში გასვლას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით. ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. თითოეული ჩვენგანი იმედგაცრუებულია, რომ საშინაო ფინალში ვერ ითამაშებს. ჩვენ ჩვენივე შეცდომების გამო დავისაჯეთ, თუმცა ეს გაკვეთილად უნდა იქცეს. ვწუხვარ, რომ ფინალში არ ვიქნებით“, – კიელინის სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალური მატჩი „სევილიასა“ და „ბენფიკას“ შორის 14 მაისს, ტურინში შედგება.
ბექა დოგრაშვილი