“ჩიხურა” — “ნეფთჩი”: განრიგი, არბიტრი, ბილეთები
ხუთშაბათს, 7 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერის “ჩიხურასა” და ბაქოს “ნეფთჩის” შორის უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართული პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. “ნეფთჩი” თბილისში ოთხშაბათ დილას ჩამოფრინდება. იმავე დღეს გაიმართება გუნდების მატჩისწინა ვარჯიში და მთავარი მწვრთნელების პრესკონფერენციები.
მატჩზე დასასწრები ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში ხვალ დილიდან გაიყიდება. ბილეთის ფასი 4 ლარია.
შეხვედრას 35 წლის უნგრელი არბიტრი ტამაშ ბოგნარი განსჯის. ბოგნარი ქართული გუნდების ფეხბედნიერი მსაჯია. 2009 წელს ეს რეფერი სჯიდა ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდ “ლისბერნ დისტილერისა” და “ზესტაფონს” შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც ქართული გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. ბოგნარი იყო გორის “დილასა” და სპლიტის “ჰაიდუკს” შორის შარშან გამართული მატჩის მთავარი მსაჯიც. ამ შეხვედრაში გორელებმა ანგარიშით 1:0 იმარჯვეს.
მატჩი “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.