“ჩიხურამ” “კოლხეთს” მოუგო და ცხრილში “ლოკომოტივს” გადაუსწრო (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრები იმართება.
“ეროსი მანჯგალაძეზე” ფოთის “კოლხეთმა” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო. პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა.
მეორე ნახევარში 59-ე წუთზე ცოტნე ქებურიამ საკუთარ ნახევარზე მიიღო ბურთი. მას უკნიდან საჩხერელთა ფეხბურთელი, თორნიკე გორგიაშვილი წამოეპარა და ბურთი აართვა, ქებურია წაიქცა და ბურთი ხელით დაიჭირა, რათა “ჩიხურელი” მეკარესთან პირისპირ არ გასულიყო. მატჩის მთავარმა არბიტრმა ფოთელთა ათ ნომერს წითელი ბარათი უჩვენა. ზუსტად შვიდ წუთში ათი კაცით დარჩენილმა მეგრულმა გუნდმა გოლი გაუშვა: თავი დიმიტრი ტატანაშვილმა გამოიჩანა. თუმცა, “კოლხეთი” არ დანებდა და 75-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა გაათანაბრა.
დიმიტრი ტატანაშვილმა 86-ე წუთზე დუბლი შეასრულა და იმერლები ისევ წინ გაიყვანა. ხოლო, მეორე ტაიმის მეოთხე დამატებით წუთზე ტატანაშვილმა მესამედაც შეაგდო – მისმა ჰეთრიკმა “ჩიხურას” სამი ქულა მოუტანა.
ამ მოგების შემდეგ “ჩიხურა” 26 ქულით მეოთხეზეა. “კოლხეთს” 16 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.