“ჩიხურასთან” საპასუხო მატჩისთვის მზადება
26 ნოემბერს საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური სტადიის განმეორებით შეხვედრას გამართავს – დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ზესტაფონელები საჩხერის საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” უმასპინძლებენ.
საჩხერელებთან ოთხშაბათს გასამართი მატჩისთვის მზადებას ზესტაფონელები საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გადიან. თუ არ ჩავთვლით ტრავმირებული კახა მეშველიანის არყოფნით გამოწვეულ დანაკლისს და იმას, რომ გიორგი ჭანკოტაძე ამ ეტაპზე ინდივიდუალური პროგრამით ემზადება, ყველა დანარჩენი ფეხბურთელი მწყობრშია და მოახლოვებული მატჩისთვის მთელი სერიოზულობით ემზადება.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფარგლებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” სადღეისოდ გამართული აქვს 68 მატჩი, რომელთაგან 40 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 15 დასრულდა ფრედ, 13-ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ, ბურთების სხვაობა – 123-50 ზემოიმერელთა სასარგებლოდ.
ზესტაფონელთა და საჩხერელთა გზები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში პირველად 2008-2009 წლების გათამაშებაში გადაიკვეთა. 2008 წლის 30 აგვისტოს გამართულ პირველი მერვედფინალურ მატჩში ზესტაფონელებმა საჩხერელი სტუმრები დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს. იმ შეხვედრაში გატანილი გოლები ბექა გოცირიძის, ერიკ რომეო ჩასემის, ნიკა კვასხვაძის და ორჯერ ნიკოლოზ გელაშვილის (3-0 და 5-0) ანგარიშზეა. საპასუხო შეხვედრა კი იმავე წლის 17 სექტემბერს საჩხერეში გაიმართა და მირიან მიქაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება “ჩიხურას” ფეხბურთელებმა მოიპოვეს – 1-0. რაც შეეხება თასის მიმდინარე გათამაშების 17 ნოემბერს გამართულ პირველ მერვედფინალურ შეხვედრას, ის უგოლოდ 0-0 დასრულდა.
“ჩიხურასთან” მორიგი დაპირისპირება, რომელსაც თბილისელი არბიტრი ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ოთხშაბათს გაიმართება და 13:30 საათზე დაიწყება. გეტყვით იმასაც, რომ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ინტერნეტ-საიტი მატჩის პირდაპირ ონლაინ-რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
ჩვენ კი “ზესტაფონის” დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ …
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური