ჩილეს კოპა ამერიკის ფინალში არგენტინა შეხვდება (ვიდეო)
2015 წლის კოპა ამერიკის მეორე ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და პარაგვაის ნაკრებებს შორის გაიმართა და “ალბისელესტეს” დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა.
ანგარიში შეხვედრის მე-15 წუთზე მარკოს როხომ გახსნა, 27-ე წუთზე ხავიერ პასტორემ არგენტინელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს “ალბისელესტეს” მცველების დაუდევრობით პარაგვაელებმა ისარგებლეს და ლუკას ბარიოსმა ერთი გოლი გაქვითა. “ალბიროხას” მატჩის გადარჩენის იმედი მიეცა, თუმცა მეორე ტაიმში არგენტინელებმა მეტოქეს, როგორც იტყვიან, ცივი შხაპი გადაასხეს: ანხელ დი მარიამ დუბლი გაიფორმა, თავისი ბურთი გაიტანა სერხიო აგუერომ, გოლით შეცვლაზე შემოსულმა გონსალო იგუაინმაც გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ ლეო მესიმ აქტივში სამი საგოლე გადაცემა ჩაიწერა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ამრიგად, არგენტინის ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა და კოპა ამერიკის ტიტულისთვის მასპინძელ ჩილეს დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა შაბათს, ჩვენი დროით ღამის 12:00 საათზე დაიწყება.
მესამე ადგილისთვის ერთმანეთს პერუსა და პარაგვაის ნაკრებები შეეცილებიან. აღნიშნული მატჩი 4 ივლისს, თბილისის დროით შუაღამის 03:30 საათზე დაიწყება.
კოპა ამერიკის ნახევარფინალი:
არგენტინა — პარაგვაი 6:1 (2:1)
გოლები: როხო 15′, პასტორე 27′, დი მარია 47′, 53′, აგუერო 80′, იგუაინი 83′ — ბარიოსი 43′.
გაფრთხილებები: როხო 12′, ბიგლია 13′ — კასერესი 13′, და სილვა 30′, ორტისი 59′.