ჩისკო: “ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის”
ხვალ, თბილისის დროით 17:00-ზე “დინამო არენაზე” მიმდინარე წლის ბოლო ოფიციალური მატჩი გაიმართება. სუპერთასისთვის ბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ “დინამო” და “ჩიხურა” წარსდგებიან. დღეს კი, ქვეყნის მთავარი სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მოახლოებული მატჩის შესახებ “დინამოს თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა, კახი გოგიჩაიშვილმა და “დინამოს” კაპიტანმა, ჩისკომ ისაუბრეს. შეგახსენებთ, ესპანელი ხვალინდელ შეხვედრაში კარიერის უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს.
კახი გოგიჩაიშვილი (“დინამო თბილისის”): “ხვალინდელი თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს პირველი ფინალი იქნება და საინტერესოა, თუ როგორ წარმოაჩენენ ისინი საკუთარ შესაძლებლობებს. ვფიქორბ, რომ მაყურებელი საინტერესო და კარგ თამაშს იხილავს. უკეთესი იქნება, თუ სუპერთასი სეზონის სტარტზე გაიმართება. ტრავმების გამო ცინცაძე და საბანაძე ვერ ითამაშებენ. კითხვის ნიშნის ქვეშ არის ძარიას ასპარეზობაც.”
ჩისკო (“დინამო თბილისის”): “ხვალ ძალიან მნიშვენლოვანი თამაშია. სუპერთასი დიდი ხანია არ მოგვიგია. ამასთან ერთად ეს ჩემი უკანასკნელი თამაშია. “დინამოში” 3,5 სეზონი გავატარე და ეს ჩემი ბოლო თამაში იქნება თბილისური კლუბის შემადგენლობაში. მინდა მადლობა გადავუხადო “დინამოში” მომუშავე ყველა ადამიანს და ავღნიშნო, რომ სუპერთასის მოგება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში გატარებული პერიოდში ხალხისგან საკმაოდ ბევრვი სიყვარული ვიგრძენი. ეს ქვეყანა და აქ შეძენილი მეგობრები ძალიან დამაკლდება. ესპანეთში დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, სამოყვარული ლიგაში ვითამაშო.
წლევანდელი ჩემპიონატი “დინამოსთვის” ძალიან რთულია. გუნდი გაახალგაზრდავდა და მცირე ჩავარდნებიც სწორედ ამის ბრალია. ევროთასებზე კი გაცილებით მეტი სირთულეა.
ბოლოს ჩვენ გულშემატკივრებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდში არიან. მთელი ცხოვრება ისინი ჩემს გულში იქნებიან.”