ჩივაძე გამგზავრების წინ მედიას შეხვდა
შოტლანდიაში გამგზავრებამდე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ალექსანდრე ჩივაძე ჟურნალისტებს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ახალგაზრდული ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება. პირველი მატჩი თბილისში ჩივაძის გუნდმა 2:1 მოიგო.
ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ვერც ახლა ასცდა ფეხბურთელების ტრავმებს და შესაბამისად, გუნდი დანაკლისით მიემგზავრება.
ალექსანდრე ჩივაძე: „ხორვატიიდან ფედერაციაში წერილი მოგვივიდა, სადაც „სპლიტის“ ხელმძღვანელობა გვწერს, რომ გიორგი ილურიძე ტრავმირებულია და ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარება. ამავე მიზეზით არ გვეყოლება არჩილ ტვილდიანი, აკაკი შულაია და ნიკა ძალამიძე. ძალიან გვაწუხებს ფეხბურთელთა უთამაშებლობის პრობლემაც. ნაკრების წამყვან ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვთ. აქვე, გეტყვით, რომ ჩვენთან ერთად იქნება ჯანო ანანიძეც.
რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ვფიქრობ, ძალიან მძიმე მატჩი გვექნება, რადგან მათ კარგი შემსრულებლები ჰყავთ და ისედაც, ცუდი გუნდი ნამდვილად არაა. ეს ძალიან პრინციპული ბრძოლა იქნება, რადგან ერთნაირ პოზიციებზე ვართ და შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ მოვიგეთ და 18 ნოემბერს სლოვაკეთიც დავამარცხეთ, მაშინ ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შანსი საკმაოდ რეალურია. თუმცა, სერიოზულად მობილიზებულები უნდა ვიყოთ.
იმედი მაქვს, 18 ნოემბერს, როცა გორში სლოვაკეთს ვუმასპინძლებთ, სტადიონზე ბევრი მაყურებელი მოვა და მხარს დაგვიჭერს. გორის სტადიონი მომწონს და მასზე არჩევანი ამიტომ შევაჩერეთ. თან, ამ დღეს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებიც თამაშობს „მიხეილ მესხზე“ და შესაბამისად, ამანაც განაპირობა მატჩის გორში ჩატარება.“
შოტლანდიისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი კი, გლაზგოსთან ახლომდებარე პატარა ქალაქ პეისლიში, სტადიონ „Saint Mirren Park“ – ზე გაიმართება.
სფფ-ის პრესსამსახური