ჩივაძე: “თუ ხვალ გავიმარჯვებთ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს შევინარჩუნებთ”
ხვალ, 14:00 საათზე, გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
დღეს, შვედებმა „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრებმა კი, მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართა.
ნაშუადღევს კი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ალექსანდრე ჩივაძე ჟურნალისტებს შეხვდა.
ალექსანდრე ჩივაძე: „ესპანეთთან თამაში ყველამ ნახეთ ალბათ და ამაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ. გვიან შევიკრიბეთ, ბოლო მომენტამდე ვერ ვასახელებდი შემადგენლობას, რადგან შესაძლებელი იყო ვინმე ტრავმის გამო გამოგვკლებოდა. გიორგი აბურჯანია ვერ თამაშობდა ყვითელი ბარათების გამო; სავიზო პრობლემების გამო ვერ ჩამოვიდა ლევან შენგელია… ტრავმების გამო ვერ გამოვიძახეთ გიორგი თევზაძე და მათე კვირკვია. ოთარ კაკაბაძე და მათე ცინცაძე, როგორც იცით, ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ასე რომ, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები საკმაოდ გვაკლდა.
მართალია, ახალგაზრდული ნაკრების პრიორიტეტი ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთელების მიწოდებაა, თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამ შემთხვევაში, ცინცაძე და კაკაბაძე ახალგაზრდულ ნაკრებს უფრო გამოადგებოდნენ.
ესპანეთთან ასეთი მარცხი ჩვენმა ინდივიდუალურმა შეცდომებმა გამოიწვია… მათი გუნდი უძლიერესი ინდივიდუალისტებითაა დაკომპლექტებული. რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს, ეს ძალიან ორგანიზებული გუნდია.
თუ ხვალინდელ მატჩში ჩვენ გავიმარჯვებთ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს შევინარჩუნებთ.“
საქართველოსა და შვედეთის 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი ხვალ 14:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
სფფ-ის პრესსამსახური