ჩხუბი “ოლდ ტრაფორდზე” – მიკელ არტეტას წარბი გაუხეთქეს
10 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში მანჩესტერული დერბი გაიმართა. “იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “სიტი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ “ოლდ ტრაფორდის” გვირაბში გუნდების წარმომადგენლებს შორის ჩხუბი მოხდა. Goal.Com-ის ცნობით, “სიტის” ფეხბურთელები გასახდელში გამარჯვებას ხმაურიანად, მუსიკის თანხლებით აღნიშნავდნენ. მათ კარებთან ჟოზე მოურინიო გამოჩნდა, რომელიც საპრესკონფერენციო დარბაზში მიემართებოდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მეტოქე გუნდს პატივისცემისკენ მოუწოდა და მათ დაწყნარება ურჩია, ასევე, მან რამდენიმე სიტყვა პორტუგალიურ ენაზე წარმოთქვა.
მოურინიოს “სიტის” ბრაზილიელი მეკარე, ედერსონი შეეპასუხა, შელაპარაკებაში “ქალაქელთა” სხვა ფეხბურთელებიც ჩაერთვნენ. მალევე, დაპირისპირების ადგილას “იუნაიტედის” მოთამაშეებიც გამოჩნდნენ. ირკვევა, რომ ინციდენტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე რომელუ ლუკაკუ იყო. Sky Sports-ის ცნობით, პეპ გვარდიოლას ასისტენტს, მიკელ არტეტას წყლის ბოთლი მოხვდა, რის შედეგადაც მას წარბი გაუსკდა.
როგორც ირკვევა, ინციდენტი გვირაბში მდებარე რამოდენიმე კამერამ დააფიქსირა, თუმცა ჯერ-ჯერობით ვიდეომასალა არ ვრცელდება.