“ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს” – “ატლეტიკო” გრიზმანში 200 მილიონ ევროს ითხოვს
ანტუან გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებულმა საქმემ, დიდი შანსია, სასამართლოში გადაინაცვლოს.
როგორც იცით, გუშინ “ბარსელონამ” ფრანგი თავდამსხმელის შეძენა ოფიციალურად დაადასტურა. კატალონიელებმა “ატლეტიკოს” გრიზმანის გამოსასყიდი თანხა, 120 მილიონი ევრო გადაუხადეს.
გრიზმანის გამოსასყიდი თანხა 200-დან 120 მილიონამდე 1 ივლისს დაეცა. “ატლეტიკო” აცხადებს, რომ “ბარსელონამ” ფეხბურთელთან შეთანხმებას მაშინ მიაღწია, როცა გამოსასყიდი თანხა ჯერ კიდევ 200 მილიონი იყო, ამიტომაც მადრიდელებს სურთ, რომ კატალონიური კლუბისაგან 200 მილიონი მიიღონ.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ გააკეთა.
“თუ კლუბმა განცხადება გამოაქვეყნა, ეს იმიტომ მოხდა, რომ მტკიცებულებები არსებობს. საკითხი ბოლომდე უნდა შევისწავლოთ და ჩვენ იმ თანხას მოვითხოვთ, რაც საჭიროა”, – უთხრა სერესომ RAC1-ს.
შეგახსენებთ, რომ გრიზმანმა “ბარსელონასთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.