დადასტურდა: იტალიის ნაკრებს მანჩინი ჩაიბარებს
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მანჩინი იმუშავებს. 53 წლის სპეციალისტმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან შრომითი ხელშეკრულება ორშაბათს გააფორმა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად უკვე დადასტურდა და ინტერნეტსივრცეში კონტრაქტის გაფორმების ამსახველი ფოტომასალაც გავრცელდა. “სკუადრა აძურას” ახალი თავკაცის ოფიციალური წარდგენა 15 მაისს შედგება.
რობერტო მანჩინიმ სანქტ-პეტერბურგის “ზენიტთან” კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსულ კლუბს იტალიელი სპეციალისტისთვის კომპენსაციის გადახდა არ მოუწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ჯამაგირის სახით კი მანჩინის წელიწადში ორი მილიონი ევრო დაუნიშნეს. ევრო-2020-ის ფინალურ სტადიაზე გასვლის შემთხვევაში, იტალიის ნაკრების თავკაცი ბონუსის სახით დამატებით თანხასაც მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯამპიერო ვენტურა გაათავისუფლეს, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გუნდის გაყვანა ვერ შეძლო. “სკუადრა აძურა” მუნდიალის ფინალურ სტადიას 1958 წლის შემდეგ პირველად გამოტოვებს.