დადიანის მემორიალი სენსაციურად დაიწყო
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დაიწყო დუდუ დადიანის მემორიალი. პირველ დღეს 3 მატჩი გაიმართა და პირველივე შეხვედრაში მოულოდნელი ანგარიში დაფიქსირდა. პირველი ლიგის გუნდმა აკადემიამ, რომელიც არენა 76-თან გაერთიანდა, უმაღლესლიგელი და საკმარისად გაძლიერებული ოლიმპი დაამარცხა. აკადემიაში ძირითადად ასაკობრივი ჩემპიონატის წევრები – 18-19 წლის ბიჭები თამაშობენ, ხოლო ოლიმპს 4 ლეგიონერი ჰყავს.
ოლიმპი მატჩის შუაწელში 17 ქულით იგებდა და ჩათვალა, რომ საქმე მოთავებული იყო და დაისაჯა. აკადემიელები კი პირიქით, მატჩის ბოლომდე შეუპოვრად იბრძოდნენ და ბოლო წუთებზე თამაშიც დაძაბეს. ოლიმპი წუთნახევრით ადრე 71:67 იგებდა, მაგრამ ბექა დარახველიძის სამქულიანისა და ნიკა დარბაიძის 2 ქულის შემდეგ აკადემიამ 72:71 დაამარცხა ოლიმპი. გამარჯვებულებს 17 ქულითა და 12 მოხსნით დარბაიძემ ულიდერა, ხოლო კოკა ტომარაძემ 15 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.
მეორე მატჩში დინამომ სოხუმი იოლად, 91:60 დაამარცხა. დინამოს 2 ამერიკელი ჰყავს ჩამოყვანილი, რომელსაც აკვირდება და თუკი მწვრთნელების მოწონებას დაიმსახურებენ, კონტრაქტებსაც გაუფორმებს. ორივე მათგანმა თავი კარგად წარმოაჩინა. განსაკუთრებით გამოსარჩევია დანიელ უილიამსის გარჯა, რომელმაც 19 ქულა დააგროვა. ბომბარდირი კი ოლიმპიდან დინამოში გადასული ნოდარ გოგოძე გახდა.
დღის ბოლო მატჩში ერთმანეთს მგზავრები და ყაზახური ბარსი შეხვდნენ. შეხვედრა დაძაბული და საინტერესო მხოლოდ პირველი ტაიმში გამოდგა. ქართული გუნდი უფრო ხშირად იყო ლიდერი და დიდ შესვენებაზეც 37:36 იგებდა. მესამე პერიოდიდან სიტუაცია შეიცვალა. აზიელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ იმდენი მოახერხეს, რომ 19 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს – 82:63.
ხვალ, 3 ოქტომბერს ახალ სპორტის სასახლეში დუდუ დადიანის მემორიალის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. შეხვედრები 15 საათიდან დაიწყება.