დარია ბილოდიდი: “ჩვენ სიცოცხლე გვინდა! რუსეთო და ბელარუსო, გაჩერდით!”
უკრაინელმა ძიუდოისტმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა დარია ბილოდიდმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.
21 წლის სპორტსმენი წერს, რომ უკრაინელ ხალხს სიცოცხლე და მშვიდობა სურს. მან რუსეთსა და ბელორუსს გაჩერებისაკენ მოუწოდა.
“დღეს, დილის 6 საათზე, კიევში სროლების ხმამ გამაღვიძა, სიტყვებს ვერ ვპოულობ. შეშინებული ვარ და ცლოცულობ ჩემი ოჯახისა და ქვეყნისათვის. რუსეთმა ჩვენი დაბომბვა დაიწყო, ომი დაწყებულია. აქამდე, არ მჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. რატომ? რატომ სპობთ ადამიანების სიცოცხლეებს? რუსეთო და ბელარუსო, გაჩერდით! ჩვენ მშვიდობა გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ ვიცოცხლოთ!” – წერს ბილოდიდი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ქვეყანას უტევენ ბელარუსის საზღვრებიდანაც. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, სროლისა და აფეთქებების ხმა რამდენიმე ქალაქში ისმის.