Daily Mail: ინგლისის ნაკრებს “ბორნმუთის” 38 წლის მწვრთნელი გაუძღვება
Daily Mail-ის მიერ მოპოვებული საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გვამცნობს, რომ ინგლისის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ყველაზე რეალური კანდიდატი ამ დროისთვის “ბორნმუთის” 38 წლის მწვრთნელი, ედი ჰაუა.
ინგლისური საფეხბურთო ასოციაცია უცხოელი მწვრთნელის დანიშვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა მათ ურჩევნიათ, რომ ნაკრები ინგლისელმა სპეციალისტმა ჩაიბაროს.
FA-ს ტექნიკური ბოსი დენ ასვორთი, აღმასრულებელი დირექტორი მარტინ გლენი და ვიცე-პრეზიდენტი დევიდ გილი – სწორედ მათ ევალებათ ჰოჯსონის ჩამნაცვლებლის პოვნა – უკვე გაესაუბრნენ გარი ლინეკერს, რიო ფერდინანდს, ფრენკ ლამპარდსა და ჰარი რედნაპს, რათა მათი აზრი გაეგოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი კი ერთხმად თანხმდებიან, რომ ნაკრებში უნდა მოვიდეს ისეთი მწვრთნელი, რომელსაც ძლიერი გუნდის შექმნა შეუძლია.
ამასთანავე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ედი ჰაუს, რომელიც 2015 წლის ინგლისის საუკეთესო მწვრთნელი გახდა და ამავდროულად ბევრი ექსპერტის მოწონება დაიმსახურა იმ სათამაშო სტილის გამო, რომლითაც “ბორნმუთი” თამაშობდა, ამ პოსტზე დანიშვნის საკმაოდ დიდი სურვილი გააჩნია.
გასულ წელს, Sportsmail-თან საუბრისას, მან განაცხადა: “ძალიან პატრიოტულად ვარ ამ საკითხის მიმართ განწყობილი. ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება, თუ ინგლისის მწვრთნელის პოსტზე დამამტკიცებენ.”
ცნობისათვის გეტყვით, რომ ინგლისის ნაკრები 4 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება. მათი მეტოქე სლოვაკეთის ნაკრები იქნება. ასე რომ, მათ დრო ძალიან ცოტა აქვთ.