Daily Mail: საქართველოსა და ინგლისის ნაკრებების მორაგბეებმა ვარჯიშზე ერთმანეთთან იჩხუბეს
ოთხშაბათს ინგლისისა და საქართველოს ნაკრებების ერთობლივი ვარჯიში მასობრვი ჩხუბში გადაიზარდა. ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ეს ყველაფერი სკოლის მოსწავლეების თვალწინ მოხდა.
გუნდები ოქსფორდში, ერთ-ერთ სკოლაში ვარჯიშობდნენ, მათ კი ათობით მოსწავლე უყურებდა. გამოცემა წერს, რომ ჩხუბში ორივე ნაკრების ბევრი მორაგბე მონაწილეობდნენ.
ცნობილი ხდება, რომ არეულობა პირველი შერკინების შემდეგ დაიწყო. Daily Mail-ის ცნობით, ჩხუბი ქართველმა მორაგბეებმა დაიწყეს, მაგრამ ინგლისელებმა თავი დაიცვეს და ქართველებს უპასუხეს. უილ კერლინგი, რომელიც ინგლისის ნაკრებში მუშაობს, სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა. ინგლისის ნაკრების შერკინების ყოფილი მწვრთნელი გრეემ როუნთრი, ვინც ამჟამად საქართველოს ნაკრებში მუშაობს, ქართველ მორაგბეებს უკან დახევისაკენ და დამშვიდებისაკენ მოუწოდებდა.
მორაგბეები დაწყნარდნენ, მაგრამ მეორე შერკინებასაც ჩხუბი მოჰყვა. მეორედ დაწყებულ ჩხუბში კიდევ უფრო მეტი მოთამაშე მონაწილეობდა, ზოგიერთი მორაგბე მოედნის გარედან შემოვიდა და თანაგუნდელების დახმარება დაიწყო.
ინგლისის ნაკრების უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მაყურებლებს ტელეფონების შენახვა სთხოვეს, რათა მათ ინციდენტის დროს კადრები არ გადაეღოთ. მალევე ვარჯიში დასრულდა, მორაგბეებმა კი ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
დღეს კიდევ ერთი საერთო ვარჯიშია ჩანიშნული, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია, ივარჯიშებენ თუ არა გუნდები შერკინებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ინგლისში ინგლისის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, ედი ჯონსის მიწვევით იმყოფება. გუნდების ერთობლივი ვარჯიში გასულ წელსაც ჩატარდა.