დამაგვირგვინებელი რკენა გამარჯვებით
4 მარტს მონტევიდეოში უმცროს ბორჯღალოსანთა სამხრეთ ამერიკული ტურნეს მე-4 და ბოლო მატჩი გაიმართა, რომელშიც ჩვენი 20-წლამდელები ურუგვაის თანატოლთა ნაკრებს ეთამაშნენ და ანგარიშით 22:11 (Iტ 10:3) გაიმარჯვეს.
ისევე როგორც სერიის ყველა შეხვედრა, დამაგვირგვინებელი რკენისთვის თვალყურის დევნება, მხოლოდ ტექსტური ლაივი საშუალებით, საქართველოს რაგბის კავშირის თვითერზე იყო შესაძლებელი >>> @GeorgianRugby
მანამდე კი 20-წლამდელებმა სამი მატჩი გამართეს. პირველ ორ შეხვედრაში პუმიტასს – არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებს ეთამაშნენ და ორივე შეხვედრა ანგარიშებით 36:17 და 49:11 დათმეს. მესამე შეხვედრისთვის უმცროსი ბორჯღალოსნები ურუგვაის ესტუმრნენ და 2 მატჩიანი სერიის პირველ რკენაში მასპინძლებმა 21:19 გაიმარჯვეს.
ამრიგად დასრულდა ტურნე, რომელიც 2016 წლის ‘მსოფლიო რაგბის’ 20 წლამდელთა ჩემპიონატისთვის ბოლოს წინა მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა. სამწვრთნელო შტაბი ვოიაჟს მთლიანობაში დადებითად აფასებს. უცროს ბორჯღალოსანთა ერთ-ერთი მწვრთნელის, ზურა ამონაშვილის განცხადებით სერია ძალზე მნიშვნელოვანი იყო გუნდის მშენებლობისათვის, ვინაიდან ამ შემდაგენლობით 20-წლამდელებს ერთად ბევრი არ უთამაშიათ.
„მთლიანობაში ძალიან სასარგებლო და საჭირო ტურნე იყო. მიუხედავად ყველა სირთულისა ახლანდელი გუნდი (96-97 წელს დაბადებულები) ერთად დიდი ხანია არ ყოფილა. ფაქტიურად ორი სხვადასხვა თაობის გუნდია. იმას არ ვამბობთ, რომ რომელიმე მორაგბე ვინმეზე წინ ან უკანაა, მაგრამ წინა ნაკრები დიდხანს იყო ერთად და ბევრად უკეთ შეთამაშებული და „აშენებული“ გუნდი იყო – შესაბამისად ეს ტურნე გუნდის მშენებლობაში გვეხმარება.“ ურუგვაისთან გასამართი ბოლო მატჩის წინ განაცხადა ამონაშვილმა.
„ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლასა და წნეხში მოხდა, როგორც ინდივიდუალური, ასე გუნდური სისტემების გამოცდა. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული თუ რისთვის ვემზადებით – მსოფლიოზე სუსტი მოწინააღმდეგე არ არსებობს. შესაბამისად ძლიერ მეტოქეებთან ყველაფრის გამოცდა ძალიან სასარგებლოა. ჩვენ ყველა მოთამაშეს მივეცით თამაშის და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ზეწოლის ქვეშ. გვინდა ვნახოთ რა „მასალისგან“ ვაშენებთ გუნდს.“
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ქომაგობა და გვერდში დგომა რაც ჩვენმა ბიჭებმა მთელი ვოიაჟის განმავლობაში იგრძნეს არგენტინაში საქართველოს საელჩოსგან. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო არგენტინაში საქართველოს საელჩოს – ელჩს, ბატონ გელა სეხნიაშვილს, მრჩეველს, ქალბატონ ქეთი საბაურსა და საელჩოს ყველა თანამშრომელს დიდი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის. მთელი ტურნეს მსვლელობისას ისინი ყველაფერში გვერდში დაგვიდგნენ და დაგვეხმარნენ უამრავი საორგანიზაციო საკითხის უმტკინვეულოდ გადაწყვეტაში.“ ასევე დასძინა ამონაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ბიჭების საქომაგოდ ჩვენი საელჩოს წარმომადგენლები დღეს მონტევიდეოში სტადიონზე იმყოფებოდნენ და ამხნევებდნენ უმცროს ბორჯღალოსნებს.
მატჩი კი საქართველოს დროით გვიან ღამე, 12-ის ნახევარზე დაიწყო. ანგარიში მე-9 წუთზე გავხსენით, მას შემდეგ რაც შერკინებაში ურუგვაელები დავაჯარიმეთ. წინა მატჩის მსგავსად, დღესაც შუამარბი გიორგი გოგოლაძე არტყავდა და პირველი ჯარიმაც გაიტანა – 3:0
ათიოდ წუთის შემდეგ, სიცხისა თუ ვნებათა ღელვის გამო, მოედანზე ჩხუბი ატყდა. მსაჯმა კაპიტნებს უხმო და 10 წუთით გოგოლაძე და ურუგვაელთა მეორეხაზელი გააძევა.
მალევე ერთაბაშად შევუტიეთ. ხელდახელ ზევით მივიწევდით. მეტოქე დაცვაში დაჯარიმდა. მოვაწოდეთ დერეფანი მეტოქი 5 მეტრიანთან და მოლი ავაგორეთ. შეგვაჩერეს, მაგრამ მსაჯმა ხეირი დაგვიბრუნა. კვლავ აუტისკენ, კვლავ ავაგდეთ დერეფანი. პირველ კაცზე მოიგო ცხადაძემ, ბურთი მიხეილ გორგასლიძეს ჩაუგდო და ამ უკანასკნელს 32-წუთზე დამიწება აღარ გასჭირვებია. ლელოს გოგოლაძემ გარდასახვაც მიამატა და ტაიმი ანგარიშით 10:3 დავასრულეთ.
მატჩი, რომ განახლდა 42-ე წუთზე რაქში დავჯარიმდით და ურუგვაელთა ზუსტი დარტყმით ანგარიში 10:6 გახდა. ანგარიშის გაზრდით გახარებული მასპინძლები ჩვენმა 20-წლამდელებმა 3 წუთში დაამწუხრეს, მას შემდეგ რაც, აგორებული მოლიდან ლელოში ირაკლი ცხადაძემ დაამიწა. გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა გოგოლაძემ – 17:6
მატჩის მესამე ლელო კი მე-60 წუთზე გარემარბმა დავით მესხმა მიითვალა მას შემდეგ რაც ხელდახელ ათამაშებულმა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბურთი მას ფრთაზე ჩაუტანეს. ამასაც ხაზის გაჭრა არ გასჭირვებია და დაამიწა. ამჯერად კი გოგოლაძემ ვერ გარდასახა – 22:6
მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, მასპინძლებმაც მოლით დადეს ლელო. გარდასახვა ვერ გაიტანეს და საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით 22:11 დასრულდა.
ამრიგად უმცროს ბორჯღალოსანთა სამხრეთ ამერიკული ტურნე დასრულდა, რომელიც როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, გუნდის მშენებლობისა და შეთამაშებისათვის ძალიან სასარგებლო იყო. წინ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც 5-25 ივნისს მანჩესტერში გაიმათება. როგორც ადრე გაცნობეთ, ჩვენი გუნდი განთესვით ‘ა’ ჯგუფში მოხვდა, სადაც მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიას, ირლანდიასა და უელსს დაუპირისპირდება.
ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი:
7 ივნისი – ახ. ზელანდია – საქართველო;
11 ივნისი – უელსი – საქართველო;
15 ივნისი – ირლანდია – საქართველო;
მანჩესტერში გამგზავრებამდე სამწვრთნელო შტაბი გუნდს გენერალურ შეკრებაზე უხმობს, რომელზეც ნაკრების ოპტიმიზაციაზე იმუშავებს. აქ უმცროს ბორჯღალოსნებს უკვე ლეგიონერები და ეროვნულ ნაკრებში მოასპარეზე 20-წლამდელებიც დაემატებიან.
Rugby.GE