დამსახურებული 102-ე ადგილი
გუშინ ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ ერთი პოზიციით დაქვეითდა და ახლა უკვე 102-ე საფეხურზე იმყოფება.
ტრადიციულად, ქართველმა გულშემატკივარმა ეს თემა მტკივნეულად აღიქვა, რაც ბუნებრივია. ჩვენ ხომ ყოველთვის, ნებისმიერ მეტოქესთან მაქსიმალურ შედეგს ვითხოვთ. თუმცა, ერთია ჩვენ რას ვითხოვთ და სულ სხვაა რეალობა, რომელიც ძალიან განსხვავდება ჩვენი სურვილებისაგან.
ის შედეგი, რაც ეროვნულ ნაკრებს დღეს აქვს ბევრის აზრით თაობათა ცვლის პროცესმა განაპირობა. ეს მართლაც ასეა. ქართულ ფეხბურთს საუკეთესო წლები ნამდვილად არ უდგას და ეს მაღალი კლასის მოთამშეთა დეფიციტით არის გამოწვეული. საქართველოს ნამდვილაღ აღარ ჰყავს არველაძეების, კალაძის და ქინქლაძის დონის ფეხბურთელები. დღევანდელი ფორმაციის ეროვნული ნაკრების ლიდერები საუკეთესო შემთხვევაში საშუალო გუნდების სათადარიგოთა სკამებზე ატარებენ უმეტეს დროს. რაც, ბუნებრივია ქვეყნის მთავარი გუნდის შედეგებზეც აისახება.
ეროვნული ნაკრების პრობლემები დღევანდელობას ნამდვილად არ გამოუწვევია. ეს საკითხი გაცილებით უფრო ღრმა არის. ნაკრების ძირითადი ბირთვი დღეს სწორედ იმ ფეხბურთელებისგან შედგება, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში პირველ ნაბიჯებს საკმაოდ რთულ 90-იანებში დგავდნენ, როდესაც ფეხბურთის შიდა სამზარეულოში ბევრი სიბინძრე ხდებოდა, რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად აისახებოდა ნომერ პირველი სპორტის მდგომარეობაზე ქვეყანაში. როგორც ჩანს, ახლა სწორედ ის დრო დადგა და წარსულში დაშვებული შეცდომების შედეგებს ახლა ვიღებთ.
თუმცა, თავი დავანებოთ ისტორიას და რეალობას დავუბრუნდეთ. ფაქტია, რომ ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელებითაც შეიძლება შედეგის მიღწევა და შორს რომ არ წავიდეთ ამას ჩვენი მეზობელი სომხეთის მაგალითზეც ვხვდებით. სომხების შემადგენლობაში ტოპ-ლიგაში მხოლოდ ერთი ფეხბურტელი, მხითარიანი თამაშობს. თუმცა, მის გარდა ნაკრებში რუსული კლუბების წამყვანი მოთამაშეებიც არიან, მაგრამ ძირითად ბირთვს საშუალოზე დაბალი დონის მოთამაშეები წარმოადგენენ.
სხვათა შორის, ახალი რეიტინგით სომხეთის ნაკრების 38-ე პოზიციაზე იმყოფება. ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ჩვენსა და სომხეთის ფეხბურთელებს შორის კლასში ამხელა სხვაობა იყოს. ალბათ საქმე მონდომებასა და პასუხისმგებლობაშიას, პასუხისმგებლობაშ ქვეყნის წინაშე. როდესაც გუნდი მოედანზე გადის და რაღაც არ გამოსდის, გულშემატკივარი აპატიებს თუ დაინახავს, რომ ფეხბურთელები იბრძვიან. იბრძვიან მოედნის ყველა გოჯზე და მეტოქეს, თუნდაც გაცილებით უფრო ძლიერს, არაფერს უთმობენ. სამწუხაროდ, გასულ შესარჩევ ციკლში ეს მხოლოდ ორ გუნდთან, ესპანეთსა და საფრანგეთის ნაკრებებთან დავინახეთ, სადაც მოტივაცია ძალიან დიდი იყო, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა… ფაქტობრივად ორივე შემთხვევაში გუნდს ეს მონდომება დაუფასდა.
იმედი გამოვთქვათ, რომ მომავალში მაინც ჩვენი მოთამაშეები გაიაზრებენ საკუთარ როლს და მნიშნველობას. ისინი ხომ ჩვენს ქვეყანას წარმოადგენენ ფეხბურთში. ეს სპორტის სახეობა კი უკვე კარგა ხანია გასცდა სპორტს და ქვეყნის პრესტიჟულობის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტადაც იქვცა.