დანი ალვეშმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვეშმა, მოსალოდნელი განცხადება გააკეთა პარიზის დატოვების შესახებ. დიდი ალბათობით, ეს ყოველივე ნეიმარის გარშემო შექმნილი სიტუაციით გახლავთ გამოწვეული.
“დღეს ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ ციკლს ვასრულებ, გამარჯვებების, სწავლისა და გამოცდილებების ციკლს. მადლობას ვუხდი “პსჟ”-ს ოჯახს ისტორიის დაწერის შანსისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც პირველივე დღიდან მხარს მიჭერდა… თქვენ ამ კლუბს განსაკუთრებულს ხდით,” ვკითხულობთ 36 წლის ფეხბურთელის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ალვეში საფრანგეთში 2017 წელს გადაბარგდა ტურინის “იუვენტუსიდან” და მას შემდეგ ორჯერ გახდა საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონი.
თუმცა, ბრაზილიელმა ალვეშმა მთავარი დავალება ვერ შეასრულა – ის კლუბში გამოცდილი ფეხბურთელის სტატუსით მიიყვანეს (ოთხჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა “ბარსასთან” ერთად) იმ იმედით, რომ გუნდს ევროპულ სარბიელზე წარმატებას მოუტანდა.